აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით  „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა" გამართა. საღამოს მუსიკისმცოდნე, მარიკა ნადარეიშვილი უძღვებოდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე,თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები დარეჯან მახაშვილი, თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი,  კომპოზიტორები ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი; ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე  თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი „იბერი", აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ფოთში, სენაკში, ხობში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს.

სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება, საჯარო ბიბლიოთეკაში კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემისადმი მიძღვნილი ლიტერატურისა და პერიოდული პრესის გამოფენა მოეწყო, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში თეატრ „ფიროსმანის“ სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“ დაიდგა.

აბაშაში #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“ გაიმართა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ ფილმი და შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ.

მარტვილში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადასცა.

ჯვარის კლუბის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ზუგდიდში მერიის ინიციატივით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი დაიდგა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ვეტერანებსა და ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხონის თეატრში გამართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღის" სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო" დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაო და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას ისეთ პროცესებში, რომელიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას ემსახურება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" დირექტორი გიგა გაბელაია და ამავე ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბელა სარია.

ზემოთაღნიშნული პროექტი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის" თანამშორომლობით განახორციელდა, რომლის მიზანი იყო, ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური უნარ -ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კვირეული გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. პროგრამის პარალელურად მოეწყო კულტურულ -შემეცნებითი ტურები. პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში".

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 23 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ სიმინდის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

მიწის დამუშავებას დევნილები ახორციელებენ და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სარგელობის უფლებით გადმოეცა.

„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა.

მასში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარის და სრულიად საქართველოსადმი. წიგნში 70-მდე ავტორის წერილია. ისინი იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერე გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები დიმიტრი ჯაიანი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზურაბ ლომთათიძე, „ქართულ აფხაზური საგის" ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა დუმბაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. საღამოს ნათელა დუმბაძე უძღვებოდა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს . ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიული შარტავას მეგობრებმა. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ.

2016 წლის 17-19 სექტემბერს კორეის რესპუბლიკის მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (HWPL) კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში მსოფლიო რელიგიათა ალიანსის მე-2 ყოველწლიური მშვიდობის სამიტი გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მთავრობის ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები მსოფლიოს 120 ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან სამიტში მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იღებდა.

სამიტში 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობდა და მისი მიზანი იყო ,,მშვიდობის დამყარებისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციის შესახებ" სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგებლების მიერ გამოცდილების გაზიარება მსოფლიო მშვიდობის გამოწვევებსა და უსაფრთხოების პერსპექტივებზე. ფორუმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტები, ერთმანეთს გაუზიარეს კონფლიქტის შედეგები და მიაწოდეს ინფორმაცია მის გადასაჭრელად გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სეულის მსოფლიო რელიგიების ალიანსის ყოველწლიური სამიტი მშვიდობის ფესტივალით დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ სომეხ ხალხს, სომხეთის ხელისუფლებასა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება იური ვარდანიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სომხეთის რესპუბლიკას ვუსურვებ მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას, რომელიც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს როგორც შიდასახელმწიფოებრივი კეთილდღეობის, ასევე რეგიონში მშვიდობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა, საერთაშორისო ლაბორტორია „CYLAND"-მა და არტცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „სფუმატო" წარმოადგინა.

მედია არტ ლაბორატორია „CYLAND" არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. „CYLAND"-მა „სფუმატო"-ს გამოფენაზე წარმოადგინა ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციები.

არტ-ცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" ექსპოზიციაზე ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ  ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანი ადამიანები ესწრებოდნენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და კავშირი-ასოციაცია „აგორა"-ს მხარდაჭერით პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა" ფარგლებში განხორციელდა 500 კვ.მ  სათბურის ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება.

სსიპ „ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" თანამშრომლებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ჯანსაღი კოლხური ბზის კორომებიდან კალმების აღება დაიწყეს, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ამავე სააგენტოს გარემოს სამმართველოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს კალმების ჩარგვა.

ამ ეტაპზე დამზადებულია და ჩარგულია 15 000 კალამი, სულ იგეგმება 30000 ნერგის გამოყვანა.

რუხის სანერგე მეურნეობის მშენებლობა, რომელიც 480 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, აპრილის თვეში დაიწყო. პროექტის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები „აგორა" და „სენი".

 

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ჯვარსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის წამყვანი სამდიცინო კლინიკების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ამ დღეების განამვლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.

გამოკვლევების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

 

ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა თბილისში 1929 წლის 10 ივნისს.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მერაბ ბერძენიშვილი ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. მისი ნამუშევრებია: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);

მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). 

პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). 

მერაბ ბერძენიშვილი ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი ხელოვანის მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანან ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

საპატიო სტუმრებისათვის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

მიმდინარე სასწავლო წლისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

14 სექტემბერს აფხაზეთის ომის დრო დაღუპული 17 იდენტიფიცირებული მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.