მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდში მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა. 

შეხვედრაში  მონაწილეობდნენ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა 44-ე რაუნდის პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების მუშაობაზე და ჟენევის მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლო  ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული აქტიური მუშაობისათვის და ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებისათვის, რაც საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში აისახა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტონომიურ რესპუბლიკაში გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო მდგომარეობაზე.

„ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გააქტიურება და ამ საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევა.

აფხაზეთის გარემოზე ზრუნვა, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანა. ვფიქრობ ეს ის საკითხებია სადაც შევძლებთ თანამშრომლობას და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებული პოზიტიური როლი შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედგებზე. ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე.

„გარემოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია, რადგან ეს ჩვენი საერთო საგანძურია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა, რათა წინდაუხედავმა ნაბიჯებმა გამოუსწორებელი შედეგები არ გამოიღოს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის კუთხით ყველა იმ სტანდარტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედებს. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ქართველი სპეციალისტების მხრიდან აფხაზებისათვის გამოცდილების გაზიარების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი, სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორი მინდია სილოგავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემები და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობას.

ვახტანგ ყოლბაიამ კმაყოფილება გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპორტის დადებით როლს შერიგების და ნდობის აღდგენის საკითხში.

„ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროექტის განხილვაში და ამ საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა.

ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

ქალაქ ბათუმში „მეტრო სითი ფორუმის" საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების ორი პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა" და „ბარათი აფხაზ მეგობარს" პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა.

გამოფენის მახსნამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, პოეტი ბელა ქებურია, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, მხატვარი ზურაბ ჭედია, მოქანდაკე ნერსე ბაწაში.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ბათუმში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

სიღნაღის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოში სიმღერის და ლექსის ავტორების გარდა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები თემურ ჩალაბაშვილი, ქეთევან შენგელია, ვასილ ბოსტაშვილი, ანზორ სიფრაშვილი, თამაზ ხმალაძე, ივანე ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

სიღნაღის თეატრში  შეკრებილი საზოგადოების წინაშე  დევნილმა კომპოზიტორმა საკუთარი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. ასევე სიღნაღის მკვიდრის, პოეტ თამარ შაიშმელაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის „შემოვევლე კახელებს" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით  დისკრიმინაციის საკითხს, ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლაზე და მათი კვალიფიციური რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუციების გააქტიურების  აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს  საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე  არსებული აფხაზეთის  საჯარო სკოლების, ანსამბლების, თეატრებისა  და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების  მხარდასაჭერად გასატარებელი  ღონისძიებების აუცილებლობაზე.  მთავრობის თვმჯდომარემ   ხაზი გაუსვა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გამართულ  ღონისძიებებზე  მეტი საშუალება მიეცეს აფხაზეთის  შემოქმედებით კოლექტივებს, მეტად წარმოაჩინონ  აფხაზური კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასა და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ვახტანგ ყოლბაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათ ჩართვაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ ისეთ პროგრამებში, რომლებიც სიღარიბის დაძლევას ემსახურება. ასევე, სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად და განათლებასთან დაკავშირებულ პროგრამებში მათ მონაწილეობაზე. ისაუბრეს ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ პრობლემების უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018"-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ" მოეწყო და კონცერტი გაიმართა.

ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.

რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ანსამბლმა „თსუ - გორდელა"-მ მიიღო. ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ აუდიტორიას ახალი პროგრამა სახელწოდებით „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" შესთავაზა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის" დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის", სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia"-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია  იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 25 წელი გავიდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი მრავალწლიან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა და საფუძვლად 1976-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები უდევს. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერის ოჯახის წევრები  და მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის  მთავრობაში  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ეხება  აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების საკითხს.

როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ განცხადა - „ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს  კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას  სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად  და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს.  ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მწვერვალის დამლაშქვრელთა მასობრივი მოზიდვისა და დაინტერესებისათვის. ვფიქრობ შესაბამის ვადებში ყველაფერი მოესწრება და ეს არაჩვეულებრივი პროექტი წარმატებით განხორციელდება.  მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე შესრულდა ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები, ასევე აფხაზური და ქართული სიმღერები.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია" დასკვნითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დათა გულუას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი,  პოეტი ლაშა  გვასალია, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მარინა თექთუმანიძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე ირმა ირემაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი დარიკო ფიფია, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, პოეტი მაია მიქაია და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი ეტი მესხია.

საღამოზე კონკურსის ლაურეატებმა და პრიზიორებმა: ქეთი  ნაჭყებიამ, გიორგი ბალახაშვილმა, ზაზა სუყაშვილმა,  ბექა ახვლედიანმა, ივდით  კვიტიამ, ვენერა ქალდანმა   წაიკითხეს თავიანთი საკონკურსო ლექსები, ხოლო ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დათა გულუას ლექსები. შესრულდა მეგრული და ლაზური სიმღერები. ბაკურ გულუამ დათა გულუაზე დაწერილი ლექსისათვის ვენერა ქალდანს ოჯახის პრიზი გადასცა. კონკურსში გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.