
ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჭკადუაშის, ზედა ეწერისა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. რუსლან აბაშიძე ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და არსებული პრობლემები მოისმინა.
დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა და სხვა. წამოწეული იყო 1-ლი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი.
შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ინგირის ამბულატორიაში გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ისაუბრეს სამომავლო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე და საუნივერსიტეტო პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.


რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.
შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.
რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა. ასევე, აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესებში.
საღამოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობენ. ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. ასევე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გენო კალანდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სონეტების კრებული გამოიცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საღამო „ვულოცავთ საერთაშორისო ჯილდოს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა)“ გაიმართა. ღონისძიება ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებას მიეძღვნა. მეუფე ანდრიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიება მუსიკალურად ბარბარე თათარაძემ, ირინა შერაზადიშვილმა, ვიქტორია ჩაპლინსკაიამ და ანსამბლმა „იალონმა“ გააფორმეს.
საღამოს თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება.
2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.


სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებმა რომლებმაც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიება „LINKS“-ისა და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერითა ჩატარდა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „LINKS“-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის და ასევე „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებს მრავალი წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და ტერიტორია ნაღმებისგან სრულად გაიწმინდება.
ღონისძიება „სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
„9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ისტორიული ფურცელია, რომელმაც მსოფლიოს ქართველი ერის აბსოლუტური ერთიანობის შესაშური მაგალითი უჩვენა. ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვის, ერთიანობის, თავისუფლების, მადლიერების და სიხარულის დღედ იქცა. უიარაღოდ, შიშველი ხელებით, იდეისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები. მთელი საქართველო დღეს მუხლს იყრის მათი უმანკო სულების ხსოვნის წინაშე. 9 აპრილი ჩვენი ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება. ისტორია, რომელშიც ლომის წილი ჩვენს ბრწყინვალე ახალგაზრდობას მიუძღვის. 1989 წლის 9 აპრილიდან განვლილმა პერიოდმა დამოუკიდებლობის შეგრძნებამ ბევრი სიხარული მოგვიტანა. ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს ერის საყოველთაო ერთიანობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს მადლიერებით ავსებს და ახლო მომავალში გაერთიანებულ საქართველოს მომავლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.
კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
