მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს და ასევე აფხაზების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. 

დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.  მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ. 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს, მოძრაობის წარმომადგენლებსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ნათელა დუმბაძემ ისაუბრა "ქართულ-აფხაზური საგას" საქმიანობის შესახებ, ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

რუსლან აბაშიძემ ძირითადი აქცენტები ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა.

დაისახა გეგმები ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგა“, სახალხო დიპლომატიის კუთხით 10 წელიწადზე მეტია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათი მიზანია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ფართო ჩართულობით, გამოინახოს გზები დროებით გაუცხოებულ, ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოს ძირძველ კუთხესა და აფხაზების ისტორიულ ოჯახში დასაბრუნებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე რაც ამ ორგანიზაციამ განახორციელა არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის №14 საჯარო სკოლაში კლასები ჩამოაყალიბეს, სადაც აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.

ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესთან.
 
ბატონო რუსლან, დიდი ხანია, საუბრობენ ჟენევის დისკუსიების არაეფექტურობაზე: პროცესები წინ ვერ მიიწევსო. პრეზიდენტმაც ისაუბრა ამ თემაზე, ადრე ტოვიო კლაარსაც [თანათავმჯდომარე] ჰქონდა მსგავსი განცხადება. თქვენ პირველად ესწრებოდით ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რანგში. როგორია თქვენი დაკვირვების შედეგები და ყოველივე ზემოთქმულის ფონზე რამდენად ინარჩუნებს აქტუალურობას ჟენევის ფორმატი?
 
შესაძლოა, ბევრი შეფასება გაკეთდეს ჟენევის ფორმატთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რას წარმოადგენს ეს ფორმატი. ის ხომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა პირისპირ ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციასთან თანასწორუფლებიან პირობებში, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის უალტერნატივოა ამ კუთხით, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, სტატუსი, რომელიც მას ამ ფორმატში აქვს, შეცვალოს: დიდი სურვილი აქვს, თავი წარმოაჩინოს არა როგორც მხარედ, არამედ როგორც მედიატორმა.
 
რუსეთის მხრიდან არის ამის თაობაზე კონკრეტული მცდელობები, ზეწოლა?
 
მუდმივად. რიგ შემთხვევებში განცხადებების, ზოგჯერ ქმედებების დონეზეც აქვს მცდელობა, შეცვალოს ფორმატის ფუნქცია, გაამარტივოს ფორმატის მიმართ დამოკიდებულება და მისთვის სასურველი სტატუს–ქვო შექმნას. ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბება ნაბიჯია ამ მიმართულებით.
 
ანუ, ფიქრობთ, რომ თუ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, ამით უპირველესად რუსეთი ისარგებლებს?
 
დიახ. თუ ჩვენ ფორმატის შეცვლაზე დავიწყეთ საუბარი, ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს, აუცილებლად იქნება შემდეგი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ვითარება გამოიყენოს და საკუთარი სტატუსი შეცვალოს, ეს კი მიმდინარე პროცესისთვის საფრთხისშემცველი იქნება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფორმატი ისევე უნდა დარჩეს, როგორც სადღეისოდ არსებობს.
 
პრეზიდენტმაც ისაუბრა ფორმატის გაძლიერების, ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე. იყო საუბარი დეტალებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს?
 
მე პრეზიდენტის განცხადება აღვიქვი, როგორც სურვილი ფორმატის შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებულობის. მას არ უსაუბრია ფორმატის შეცვლაზე. ბუნებრივია, ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ჟენევა უნდა იყოს შედეგიანი. 48–ე რაუნდი ჩატარდა, მაგრამ, ამ ფორმატში ჩვენი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა: სამწუხაროდ, 10 წლის განმვალობაში, რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომების გამო ვერ შევძელით კონკრეტული შედეგების დადება. ამდენად, გარკვეულწილად მესმის პოლიტიკოსების, საზოგადოების დაკვეთის, მოთხოვნის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, ფორმატი მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული.
 
და ეს როგორ უნდა მოხერხდეს იმ პირობებში, როდესაც რუსული მხარე შეხვედრებს ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებს?
 
აქ შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ პრეზიდენტის განცხადებაზე. ანუ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რუსეთზე გავლენის მოხდენის საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა მექანიზმი, რათა ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მცირე შედეგი მაინც მივიღოთ.
 
რა გვიშლის ხელს?
 
ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამის ერთ–ერთი დამადასტურებელი ფაქტია გაერო–ს რეზოლუცია დევნილების საკითხზე, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამ მექანიზმების ამოქმედებით შევძლებთ, ჟენევაში ჩამოვაყალიბოთ სამუშაო რეჟიმი, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჟენევის ფორმატის შექმნისას და ამ რეჟიმში შემოვიყვანოთ რუსეთის ფედერაცია, დავიწყოთ, ან გავაგრძელოთ მუშაობა უსაფრთხოების, დევნილებით დაბრუნების საკითხებზე. ვიმეორებ, უნდა გამოვიყენოთ ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი და საქართველოს მეგობარი ქვეყნები. თუ მოვახერხებთ ვუზრუნველვყოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის ამუშავება, გარკვეულ შედეგებზე აუცილებლად გავალთ. ამჟამად კი მრჩება, შთაბეჭდილება, რომ ჟენევაში ვმუშაობთ ცალმხრივი მოთხოვნების რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ პირნათლად.
 
ანუ, მიუხედავად იმ მოცემულობისა, რაც სადღეისოდ ჟენევაში გვაქვს, რუსეთს მაინც ექმნება დისკომფორტი?
 
რა თქმა უნდა. მას დისკომფორტს მისი სტატუსი უქმნის. ის ჟენევაში წარმოდგენილია როგორც მხარე.
 
ჟენევის დისკუსიების 48–ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, „ან ვსაუბრობთ ჟენევაში, ან ალტერნატივა არის ომიო“. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ გზავნილის მიზანი? საზოგადოების მუდმივად სტრესში ყოფნა?
 
დიპლომატიური თვალსაზრისით გრიგორი კარასინმა გამოიყენა ყველა ხერხი. მინდა, შეგახსენოთ თუ რა ფონზე მიმდინარეობდა დისკუსიები: რუსულმა მხარემ ჩაკეტა ენგურის ხიდი, ამასთან რუსეთის მიერ იყო შექმნილი ფონი საქართველოში ოკუპაციის თაობაზე გამოთქმული პროტესტის გამო... ამიტომ, კარასინის განცხადებას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. ცალსახად განსაზღვრო, რომ ეს გზავნილი უკავშირდებოდა მხოლოდ ჟენევის პროცესს, ან რაიმე სხვას, ძალიან რთულია. ეს იყო მუქარისშემცველი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და შეიძლება, შეფასდეს როგორც არამეგობრული ჟესტი.
 
თქვენ პროტესტი ახსენეთ. რა იგრძნობოდა ჟენევაში, საქართველოში 20 ივნისს გამოხატული მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი იყო მოულოდნელი რუსული მხარისთვის? უნდა ითქვას, რომ თავად საქართველოში ეს რიგი ადამიანებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...
 
არ მგონია, ეს მათთვის სიახლე ყოფილიყო. ვფიქრობ, რუსეთი უბრალოდ ელოდებოდა რაღაც მიზეზს, რომ ამ საკითხების ერთგვარი კაპიტალიზაცია მოეხდინა. რა იყო მოულოდნელი, ის რომ ოკუპაცია მტკივნეული საკითხია ქართული საზოგადოებისთვის, თუ ის, რომ დევნილები არსებობენ 27 წლის განმავლობაში? 20 ივნისს გამოხატული პროტესტი იყო გულწრფელი რეაქცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე და ამის გასაღება „სიახლედ თუ მოულოდნელობად“, არაკორექტული იქნება, მათ შორის ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში.
 
რუსულმა მხარემ ეს პროტესტი მაშინვე „რუსოფობიად“ მონათლა...
 
ეს არაადექვატური შეფასებაა. ის პროცესი, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, „რუსოფობიად“ არ შეიძლება მოვნათლოთ. ჩვენ სტუმარს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პროტესტი, იყო კონკრეტულ ქმედებაზე უკმაყოფილო საზოგადოების გულწრფელი რეაქცია.
 
რაც შეეხება რუსულ სანქციებს, ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთთან ასეთ ღრმა ეკონომიკურ დამოკიდებულებაში შესვლა შეცდომა იყო? გასაგებია, რომ მეზობელია, დიდი ბაზარია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბაზარი და კრემლის უკანასკნელი გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა...
 
ამას შეცდომას ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს ბუნებრივი მოცემულობა იყო. როგორც ბრძანეთ, ახლო მეზობელია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ბაზრის მასშტაბიც და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობა. შეიძლება, ჩვენ დროულად ვერ განვსაზღვრეთ, როდის უნდა დაწყებულიყო დივერსიფიკაციის პროცესი. ამ პროცესს შეიძლება, დაგვიანებული, ან ნაჩქარევი ვუწოდოთ. არ მიმაჩნია სწორად, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული შენი ეკონომიკის განვითარება. დივერსიფიკაციის პროცესი კარგა ხანია დაწყებულია, უბრალოდ, რამდენად, პრაგმატულად და ამავდროულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ამ პროცესის ფარგლებში რუსეთზე დამოკიდებულებიდან გამოსვლა, ამის თქმა გამიჭირდება.
 
ენგურის ხიდის ჩაკეტვის შემდეგ პრობლემები შეექმნათ გალში მცხოვრებ აბიტურიენტებს. თქვენ ამასწინათ ბრძანეთ, რომ მათთვის ალტერნატიულ სქემებზე მუშაობთ. ამ მოცემულობაში რას ვთავაზობთ მათ?
 
უნდა გავითვალისწინოთ, ამ ბავშვებს რა პირობებში უწევთ ცხოვრება და საშუალო განათლების მიღება. ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები, გარდა ამისა, ეს ბავშვები რუსიფიკაციის მსხვერპლნი არიან. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ მათთვის მომავლის პერსპექტივა, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება. შექნილია მრავალი მექანიზმი ამისთვის, თუმცა არ არის საკმარისი. ჩვენ მათ ასევე უნდა შევთავაზოთ გარკვეული შეღავათები უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კუთხით და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ.
 
აფხაზეთის მკვიდრებისგან არის ინტერესი? არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართველებს...
 
მოთხოვნა არის, მაგრამ მაღალია წნეხი და შიში, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არ არის მასშტაბური. ჩვენ პროცესის არ გვეშინია. ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ პროექტის ამოქმედებისას არ გვქონდა მოლოდინი, რომ მომართვიანობა მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტენდენცია მზარდია, დადებითი დინამიკაა. ჩვენ შეგვიძლია, ხარისხობრივად განსხვავებული განათლება შევთავაზოთ, ვიდრე ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს.
 
და ბოლოს, ალბათ ხშირად გსმენიათ კრიტიკა აფხაზეთის მთავრობის არსებობის საჭიროებებზე, რომ ფუნქციები შესაძლოა, შეითავსონ სხვადასხვა სამინისტროებმა. რას უპასუხებდით მათ? რატომ არის აუცილებელი ამ უწყების არსებობა?
 
ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი მაქვს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის გაუქმება ნიშნავს ლეგიტიმაციის და კავშირის დაკარგვას.
 
 
10.07.2019
სააგენტო „აქცენტი“

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის შედეგებზე  ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების აკრძალვისა და მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტებს, ასევე მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

2-3 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროების საკითხი.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს  საქმის მასალების დაუყოვნებლივი გაზიარება.

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის მიმართ. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.

ასევე, სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძის სამუშაო შეხვდრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე და იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.

ახლო მომავალში იგეგმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 დევნილ ბენეფიციარს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

დაბა წყნეთში დევნილ დათო შენგელიასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მას ეტლი პირადად გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-ზე მეტი მეწარმე, ბიზნეს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ოფისები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზე საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით 6 ათასამდე მცირე და საშუალო მეწარმემ კონსულტაციები და ტრენინგები გაიარა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე  მოინახულა დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.

დღეს, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქალაქ ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.

„მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.     

ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ინიციატორი არის 40-ზე მეტი ქვეყანა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის  მაღალ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც მუდმივად აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას.

აღნიშნული რეზოლუცია არის  მკაფიო  გზავნილი,  რომ  საკუთარ სახლებში  დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაეროს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის  ნაყოფიერი  მუშაობის უდაო შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან  საქართველო არასდროს ასე ახლოს არ  ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და  რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე  მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას  წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა.

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე - „ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები“ გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები.

შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებს და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

„დღეს ჩვენ კახეთის რეგიონში ვიმყოფებოდით და მოვინახულეთ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს და ვეცდებით მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მუნუციპალიტეტებს დევნილი მოსახლეობისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დევნილებთან შეხვედრებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი მონაწილეობდნენ.