აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

 

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოილოცეს.

ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის.

ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა. წირვას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხა წევრები.

27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც ისწავლება აფხაზური ენა,   ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე: „აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორიული ძეგლები“.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ისტორიულ ჭრილში, დისკუსიის ფორმატში, აფხაზურ ენაზე ისაუბრეს აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე, კერძოდ, ილორის წმინდა გიორგისა და ბედიის, მოქვისა და ახალი ათონის (ივერიის) ტაძრებზე, დიოსკურიისა და ბზიფის ციხეებზე და, ზოგადად, ქართულ–აფხაზურ ისტორიულ ძეგლებზე, მათ წარსულსა და დღევანდელობაზე.  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს აფხაზური ჩანახატები და წაიკითხეს აფხაზური ლექსები. მათ აფხაზური ენის კარგი ცოდნა გამოამჟღავნეს და ასე, საქმით აღნიშნეს ეს დღე. ბოლოს აფხაზეთში მალე დაბრუნების იმედი და მსგავსი დისკუსიებისა და პრეზენტაციების აფხაზ თანატოლებთან ერთად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა. ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე,  ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ წარდგინება გაიმართა. წიგნი ქართულ და აფხაზურ ენებზეა გამოცემული და ის აფხაზურ ენაზე 2016 წელს  „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა.

ნინო მიქიაშვილის წიგნი „მერაბ კოსტავა“ (მეორე გამოცემა) აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა. წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მასში   ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას ცხოვრების (წინაპრები, მოწამეობრივი ცხოვრება, აღსასრული) ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაა წარმოდგენილი. ის თავდაპირველად 2013 წელს დაიბეჭდა ქართულ ენაზე და მისი  წარდგინება 2013 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში (იქ, სადაც მერაბ კოსტავა დაიღუპა) შედგა.  

წარდგინებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. დამსწრეთ შესავალი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. მან აფხაზური ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეთ შეახსენა მერაბ კოსტავას სიტყვები: „ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“. საღამო საერთოდაც  ამ სულისკვეთებით წარიმართა.წიგნის ავტორმა ნინო მიქიაშვილმა აღნიშნა: „ამ წიგნის გამოცემით და ამ შეხვედრით გვინდა ვიპოვოთ ჩვენი წილი გზა აფხაზი ხალხის გულებისაკენ“. მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წვლილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ, პროფესორმა ვახტანგ ძაბირაძემ, პოეტმა ქეთევან შენგელიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ და სხვ.

დარბაზში საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი იყო აფხაზეთის მხატვრების: ნუგზარ მგალობლიშვილის (მერაბ კოსტავას პორტრეტი), დავით ბაძაღუას, ავთანდილ შენგელიას, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას, მანონ ბულისკერიას, ელდარ ქავშბაიას, ვალერი ჩარგაზიას, მერაბ ფიფიას ნამუშევრები.

21 ოქტომბერს აფხაზეთის №1,  №11,  №12,  № 14,  №15 საჯარო სკოლების 50 მოსწავლე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული სახელობო სწავლება სკოლებში“ ფარგლებში გაიმართა. ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს მუშაობის სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და მისი მიზანია უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა მომავალი პროფესიული საქმიანობის  გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.  

სტუმრობისას მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებას, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარ სტრატეგიულ, ხოლო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სრულად ფინანსდება და ხორციელდება ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, სამართლის, აგრარული, ხელოვნების, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია პროფესიული მიმართულებების, ამ დარგში დანერგილი ინოვაციების, ახალი მოდულების შესახებ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მედდის ოთახი, მულაჟები, რითაც მედდები სწავლობენ რეალურ მანიპულაციებს, ფარმაცევტებისათვის მოწყობილი სპეციალური მოდელირებული აფთიაქი, სახელოსნო და სტუდენტების საერთო საცხოვრებელი.

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 

2016 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი). შეჯიბრში  მონაწილეობდნენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები, ასევე მოწვეული სპორტსმენები. შეჯიბრს ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე.

დაძაბულ პაექრობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გოგონებსა და ვაჟებში ადგილები ასე გადანაწილდა:

გოგონებს შორის:  I ადგილი - მარიამ ფარულავა,     II ადგილი - ანა შელია,     III ადგილი -  ელენე შელია;

ვაჟებს შორის: I ადგილი - ილია კავკასიძე,  II ადგილი - საბა შელია,   III ადგილი - ვახო ფერაძე.

შეჯიბრებაში გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები  და შესაბამისი ხარისხის დიპლომები.

 

 

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

სწორედ ამ მიზნით, ტრადიციისამებრ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მინისტრის პირველ მოადგილესთან მანანა ქვაჩახიასთან და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსის მოადგილესთან მედიკო კვარაცხელიასთან ერთად აფხაზეთის (სოხუმის, კელასურისა და ოჩამჩირის) სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს: მერი გაფრინდაშვილს, ვალია წურწუმიასა და თინა გვარამიას ეწვია.

დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა მათ მომავალ თაობებზე ზრუნვისა და გაწეული ამაგისათვის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე, აღზრდილების წარმატებები უსურვა.

პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების წლები, თავიანთი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა“ გაიმართა.

საღამოს მუსიკისმცოდნე მარიკა ნადარეიშვილი უძღვებოდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: დარეჯან მახაშვილი და თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი, კომპოზიტორები: ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი; ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი „იბერი", აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა).

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთის რეგიონში გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ.


შემდეგ ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და ომის  ვეტერანებს, რომლებთანაც არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

დასასრულ სტუმრებმა და მასპინძლებმა ხონის თეატრში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ მიერ წარმოდგენილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჰელადოსი“ იხილეს. სპექტაკლში გადმოცემულმა ამბებმა დამსწრეთ  სოხუმის ნოსტალგია კიდევ უფრო გაუმძაფრა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა ხელი მოაწერეს 2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“  ორგანიზების მობილურობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ მემორანდუმს.

როგორც ცნობილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული 2016 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა.

ოლიმპიადაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1200-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 60000 ათასზე მეტი ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლე. გაიმართა 6000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი, გამოვლინდნენ პერსპექტიული და ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც აიყვანეს ქვეყნის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებში. 2016 წლის „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“ წარმატებით იასპარეზეს ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებისა და საშეჯიბრო სისტემის დახვეწის მიზნით,  საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა  „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ 2017 წლის განახლებული დებულება, ხოლო რეგიონებში ოლიმპიადის ორგანიზების მობილურობის გაუმჯობესების მიზნით  - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

დიმიტრი ჯაიანმა და ლევან კიკალიშვილმა მემორადუმის ხელმოწერამდე დაწვრილებით ისაუბრეს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესაბამისი მიღწევებზე და განიხილეს მომავალი თანმშრომლობის დეტალები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

აფხაზეთის ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში   თანამედროვე ხელოვნების გამოფენა -  სფუმატო გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო მედიალაბორატორია CYLAND  და არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ  -  10“.

გამოფენაზე ქართველ ხელოვნების მოყვარულებს სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

მედია არტ ლაბორატორია CYLAND არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. CYLAND-ი ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, „სფუმატო“-ს გამოფენაზე წარმოადგინეს ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის, ალექსეი გრაჩოვის, ვიტა ბუივიდ და ნატალია ლიახის ინსტალაციები.

არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ - 10“ დამთვალიერებელს შესთავაზა ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების - ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენა გახსნა მხატვარმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, წარმოდგენილი ნამუშევრების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა იულ რიბაკოვმა, ნონკონფორმისტული ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა სანკტ-პეტერბურგში.

გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში, ხოლო, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. მათ  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებისთვის ქართულ და აფხაზურ ენებზე  ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტებულ შენობაში შეხვდა.

11 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, ქუჩის თეატრის პროექტის Street Theatre Project-ის ფარგლებში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის სპექტაკლი „ნავიგატორი“ (რეჟისორი - დავით სიხარულიძე) წარმოადგინა.

ფესტივალის ფარგლებში, ამ დღეებში ბათუმში, ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.

პროექტის ფარგლებში, ბათუმს ესტუმრებიან ასევე სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.

„ქუჩის თეატრის პროექტი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

 

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების - ზურაბ ჭედიას, გიზო ხუბუას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ელდარ ქავშბაიას, დავით ბაძაღუას, ხუტა კვარაცხელიას, ნინო ჭედიას, ქეთევან შენგელიასა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული თუ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები. აქვე გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები.

მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს. შემდეგ თითოეული ახალგაზრდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ამა თუ იმ ძეგლზე გააკეთებს მისეულ დასკვნას.

მოზარდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საძილე ტომრებით, ე. წ. პარალონებით და კარვებით. ბანაკში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსს ირაკლი გელენავას - ტელეფონის ნომერზე - (+995) 577 09 22 21. 

მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილებს.

 

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე წლებია, რაც იმართება. „არტ-გენის“ მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. 

ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აღინიშნება„აფხაზეთის დღე.“ წლეულს ფესტივალზე 15 ივლისს აფხაზეთი წამოადგინეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „მირონმა“.