აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, წიგნიერების კომპეტენციის განვითარების მიზნით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნიერების კლუბი შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანი კუდუხაშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და სხვ. ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს „პალიტრა L-ის“ თანამშრომლების - მარიამ აღდგომელაშვილისა და მარიამ გიორგაძის მიერ კლუბის წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.
აქვე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის 12 დასახელების 250-ზე მეტი წიგნი გადასცა.