აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირების მხარდაჭერით და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის ინიციატივით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 12 უცხო ქვეყნისა და ქართველი 13 მხატვარი. პროექტში 11 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის’’ ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.
შემაჯამებელი ექსპოზიცია აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გახსნეს.
“მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გავუსვა ხაზი, რომ ეს საერთაშორისო პლენერი ჩვენთვის, აფხაზეთელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტი აფხაზეთის მხატვართა კავშირის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.
მჯერა, რომ ეს ნამუშევრები ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობის, განმტკიცების საქმეში თავის წვლილს შეიტანს და ძალიან მალე მსგავს ღონისძიებებს გაერთიანებულ საქართველოში - აფხაზეთში ჩავატარებთ.” - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო პროექტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და უკვე მე-6 წელია ტარდება.





