აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის ბანაკი ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში 14-17 წლის ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

8 დღის განმავლობაში მონაწილეებს ისტორიის, ეთნო-კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სემინარები, აგრეთვე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ქორეოგრაფისაგან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია წყალტუბოსა და ქუთაისის ისტორიულ ადგილებში - მოზარდებმა მოწამეთას მონასტერი, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები მოინახულეს.

ბანაკის განმავლობაში შესწავლილი მასალები, კულტურული და საცეკვაო ნომრები მონაწილეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს, რის შემდეგაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

საზეიმო დახურვას წყალტუბოს მერის მოადგილე გიორგი კვასტიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.

საზაფხულო ბანაკის ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურული იდენტობის, მეხსიერებისა და ეროვნული ფასეულობების გაღრმავებას.