საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაპოლეონ მილორავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული მნიშვნელობის ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე, რაც მიზნად ისახავს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას და მათ სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის უფრო ეფექტურ გაცვლას, საჭიროებების იდენტიფიცირებას და ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა მოხდეს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის, სოციალური დაცულობისა და რეგიონებში მათი საარსებო წყაროების გაძლიერების მიმართულებით.
                        
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            