აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძემ ღონისძიების ორგანიზებისთვის „გერმანულ-ქართულ სახლს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის მხრიდან მსგავსი სახის ინციატივები, რაც მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პროცესებში.

საღამოზე ნაჩვენები იყო აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლის ორგანიზებით ჩატარდა და მას ქალაქ ჰანოვერის მერი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გამოვიდნენ.

ღონისზიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა, აფხაზეთში 30 წლიანი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც, წელს პირველად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართა.

ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და, კიდევ ერთხელ, თანაგრძნობა გამოუცხადეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას  ესწრებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო.

2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი „სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.  

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დაბა შეკვეთილში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი დასრულდა.

მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ სერტიფიკატები გადასცეს.

მთავრობის წევრებმა ბანაკის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

პროექტის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მედია პროდუქტების მომზადების შესახებ, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კუნძულ კრეტაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოს მადლობა გადაუხადეს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიტ დამასკინოსმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და მზადყოფნა გამოხატა სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის.  

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი გაბედავა დანიშნა. რუსლან აბაშიძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახლადდანიშნული მინისტრი პირადად წარუდგინა.

გიორგი გაბედავას მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. იგი მინისტრად დანიშვნამდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი გიორგი გაბედავა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე ინიშნებოდა.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ თემურ გასვიანი წარადგინა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას განაგრძობს მარინე გითოლენდია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხანიას მუნიციპალიტეტის მერს პანაღიოტი სიმანდირაკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. გამოითქვა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ხანიას მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენს უახლოეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა სამოქალაქო და სამხედრო პირს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ღონეს მიმართავს დეოკუპაციისა და დაპირსპირების მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს და გააანალიზოს ბოლო 31 წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი საზოგადოების გაერთიანების მიზნით სრულყოფილად ჩავერთოთ მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

მჯერა, რომ ჩვენ აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად - ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ნდობის აღდგენას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანაცხოვრებასა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობას.“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე  აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ ,,დიომედის“ საბურთალოს ფილიალს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს გაეწევათ უფასო სამედიცინო მომსახურება.

ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატის „დიომედისთვის“ გადაცემა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ქეცბაიას ძალისხმევითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის განვითარების პერსპექტივები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„15 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. დღეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას.

მჯერა, რომ მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და უკეთესი მომავლის პერსპექტივა არის ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან. მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მათი თავდადების მაგალითზე ღირსეული თაობები აღიზრდებიან!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

რაჭაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, 4-5 აგვისტოს დაგეგმილ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტებს აუქმებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც აჭარის ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ყველა გასართობი ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. ახლადდანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. წარდგენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან-დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება.