აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული მებრძოლების ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისში, ვაკის რაიონში ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი დაათვალიერა, არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისგან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და  სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით განახორციელა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის ფარგლებში შერჩეული 8 დევნილი ქალბატონიდან, ოთხმა სასწავლო კურსი „Natali Academy“-ში, ხოლო ოთხმა მონაწილემ ხელნაკეთი ნივთების შესწავლა ზუგდიდში,  ირდას სახელოსნოში გაიარა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება „ექიმების დაჯილდოება 2023“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ პროგრამაში ჩართულ ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ, ამ ღონისძიების ფორმატში, სხვადასხვა წამყვან კლინიკაში დასაქმებულ 31 ექიმს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელს ვაჯილდოებთ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, სრულიად უანგაროდ იყვნენ ჩართული დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში.

მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საქმიანობა არის გმირობის ტოლფასი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელშეწყობითა და ჩართულობით, ერთობლივად, კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.

აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერები არიან“.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში და 1300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს გაუწიეს დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან ერთად, სოფელ რუხში ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ფახულანში, ჭალესა და რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების ჩართულობით მოეწყო სასათბურე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების მოწყობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რუხში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ.

ღონისძიება რუხი მოლის ტერიტორიაზე გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს 707 „ჩანდლერის“ ჯიშის კაკლის, 970 ტყემლის, 1070 ქლიავისა და 200 მანდარინის ახალი ჯიშის ნერგი გადაეცა.

პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სენაკსა და ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად სათვალეები გადაეცათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის დროს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღი მოინახულა და იძულებით გადაადგილებლ ბავშვებს სათამაშოები გადასცა.

ღონისძიებები აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან 5 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის №150 საჯარო ბაგა-ბაღის შენობაზე საზოგადო მოღვაწისა და ტფილისის გუბერნატორის, გენერალ გიორგი შარვაშიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ ბაგა-ბაღის ისტორიული შენობა დათვალიერება, რომელშიც გიორგი შარვაშიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ასევე, რუსლან აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გიორგი შარვაშიძის დამსახურების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა 150-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მზია მეტრეველი, ასევე ქართული ჰერალდიკის სახლის ხელმძღვანელი ასმათ შარვაშიძე, რომელმაც გიორგი შარვაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ სიმღერა შეასრულა.

ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებული პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები მოინახულა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რუსლან აბაშიძე ასევე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ღონისძიებებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან, რომელთაც მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადაეცათ.

აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში ახორციელებს.

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე კონცეპტუალურ-ფოლკლორული პროგრამა „ქორეონიკონის“ განახლებული საკონცერტო ნომრებით წარდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმყოფებოდნენ, რომლებმაც ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. რუსლან აბაშიძემ ასევე სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პირადად გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დირექტორისგან სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

აფხაზეთის №6 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სპორტული მოედანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტომ, სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საელჩოსგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში მოაწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ნორვეგიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ბერგლიოტ ჰოვლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.