აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად, თბილისში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ პროგრამებში - „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადასცეს.

პროგრამების მიზანი აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება-გაძლიერების ხელშეწყობა და შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარით უზრუნველყოფაა.

კონკურსის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა. ინვენტარის გადაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად მას ყველა ბენეფიციარი მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რუხი მოლის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოდან მიღებული გრანტის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გრანტის ფარგლებში, სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილი და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის   პროდუქციის (ჩირები, კენკროვანი და კაკლოვანი კულტურები)  შეფუთვა-დაფასოებისთვის საჭირო მობილური სერვისი შეიქმნა, ასევე, მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შესაბამისი სატრანაპორტო საშუალებისა და აუცილებელი დანადგარების შეძენა განხორციელდა, რომელსაც ექსპლუატაციას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ გაუწევს.

დღესვე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, საკონკურსო პროგრამებში - „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ გამარჯვებულ დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ.  

პროგრამებს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო, მათ შორის აგრარული მიმართულებით, საქმიანობის წამოწყების ან განვითარება-გაძლიერების ხელშეწყობა, შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარით უზრუნველყოფა. კონკურსის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პროექტი „ევროპული არდადეგები“ გაიმართა.

პროექტში აფხაზეთიდან  დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა და შაორის ახალგაზრდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეოთხე წელია ხორციელდება და  მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას. ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი ქალაქ ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების პრობლემებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრები საქართველოს რეგიონებში 23-დან 26 ივლისამდე გაიმართა და მასში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნენ.

აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და გლდანის რაიონის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით, დევნილთა განსახლების ობიექტზე სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 54 ოჯახი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს.  

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული ერთი მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან ერთი მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
 
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თამაზ ნადარეიშვილი არის ასევე აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.  

ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ  ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით იჩენს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას და მათი მხარდაჭერით დღეს დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ ბათუმში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დასწრებოდნენ და ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილეები გამხდარიყვნენ“, - რუსლან აბაშიძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის „სფფ – აკადემია რუხი“-ს ტერიტორიაზე პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს, სადაც მოზარდები 10-დღიან საზაფხულო სპორტულ შეკრებას გადიან და საფეხბურთო წვრთნებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებას, მეომართა კავშირის საქმიანობის ხელშეწყობას, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების მხარდაჭერის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ასევე სხვადასხვა პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას.

აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მემორიალთან, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1993 წლის 5 ივლისის მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედ ასოციაციას „TODOS SOMOS NIÑOS“ (ყველანი ბავშვები ვართ) და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ის თანამშრომლობის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა.

დევნილი ბავშვები ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ესპანეთში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.

ესპანეთში გამგზავრებამდე პროგრამის ბენეფიციარებს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ზალიკოს ცენტრმა უმასპინძლა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მიზანი, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების წევრთა მხარდაჭერაა.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოხსენებაში პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

„რაც შეეხება დევნილების საკითხებს.  მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. შედარებისთვის, თუ ავიღებთ 2012 წელს, რა დაგვხვდა, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ.  გაათმაგებულია დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს. ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში. დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს. ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება მომდევნო 2-3 წელიწადში“.

მთავრობის ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახორციელებს.

„შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკა. ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი  გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს  არ აქვს გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა.

მე მინდა ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად.  არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და  კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.