
ახალი ამბები

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა.
საღამოზე რეჟისორ ზაზა სიხარულიძის ფილმი-სპექტაკლის „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია" ჩვენება გაიმართა.
საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქალთა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი და სამაგალითო თანაცხოვრების შესახებ. ასევე,აჭარაში მცხოვრები ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენის საკითხებში.
მუსიკალური ცენტრის ფოიეში მოეწყო ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი წიგნების გამოფენა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ლომთათიძე, სასულიერო პირები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ინგრიდა ლავრენცე შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე.
თავის მხრივ ინგრიდა ლავრენცემ, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.
საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.
სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ. ამ მხრივ აღინიშნა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში არსებული განსაკუთრებით მძიმე ვითარება.
ყურადღება გამახვილდა სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე. სადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება და აქტიურად ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასევე ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ხორციელდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება.
სხდომა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.


თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.
გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ელენე შელიამ, მეორე ადგილზე გავიდა ბელა ნაჭყებია, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ელენე თოლორაია, ხოლო ვაჟებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი, გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი, ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი.
საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.


აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.


დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ სიმღერების შესრულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვეფხისტაოსანი" ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში.


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანან ქვაჩახიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, მწერალმა და ჟურნალისტმა შორენა ლებანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებმა და აფხაზური ენის პედაგოგებმა.
საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა მოეწყო, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების მიერ შესრულებული აფხაზური კალიგრაფიის ნიმუშები და აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემული წიგნები.
ჟურნალ ,,იალქანის" რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ,,ცა აფხაზური" პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ ენაზე ჟურნალის სპეციალური გამოცემა წარადგინა.
ჟურნალისტმა ირმა ოსიამ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებლი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუშნი ლასურიას მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და აფხაზური ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს ანსამბლმა შავნაბადამ აფხაზური სიმღერები შეასრულა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. ღონისძიების მიზანი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვაა.


ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით ოკუპირებილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა და განსაკუთრებულ მიღწევებზე ისაუბრა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექიმები, ეთნიკური ოსები და აფხაზები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოება.
პროექტი ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.


დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მშვიდობისა და ერთიანობისათვის" ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმი მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის მიერ და ასახავს პირველ ექსპედიციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალპინისტთა კლუბის, თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის დალაშქვრას, რომელსაც აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა მშვიდობისა და ერთიანობის ალპინიადაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.


დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითავლისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო - კვლევით საქმიანობაში ქართულ - აფხაზური კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ინოვაციურ კვლევებზე დაფუძნებულ უწყვეტი განათლების მიღების გზით, ერთობლივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების შესასწავლად და სათანადო მეცნიერული რეკომენდაციების შესამუშავებლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად მიმართული ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებასა და კოორდინაციას.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.


სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი,სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის იქ არსებულ დღევანდელ ხელისუფლებას, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სოხუმში დაუშვან საერთაშორისო სპეციალისტები. ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას ეკოლოგიურად ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოში. - კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ისაუბრა სვეტლანა ქეცბას დამსახურებაზე და წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში. გამომსვლელებმა გაიხსენეს აფხაზი ქალბატონის ცხოვრება და მოღვაწეობა. საღამო მუსიკალურად გააფორმა წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.
17 ოქტომბერს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა. მას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.


17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა.
ფასდაუდებელია სვეტლანა ქეცბას ღვაწლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ქართულ-აფხაზური კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნების საქმეში.
აფხაზი ქალბატონი დაუღალავად ემსახურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დათბობასა და მათ შორის შერიგების ხიდის აღდგენას.
სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდმივად აფხაზეთთან იყო დაკავშირებული. ის სხვადასხვა დროს ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.
სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები. ის, ასევე, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.
აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვის საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია.


ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს". დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.
სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობას გიხდით თქვენ ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, სულის მხნეობას და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.
აქვე, უდიდესი გულისტკივილით გვსურს მოვიხსენიოთ ათასობით დაღუპული გმირის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს, ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის წინაშე.


რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი..." გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი „ჰარმონია" - ზესტაფონის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, პოეტი ვერონიკა ვერულაშვილი და მუსიკოსი დოდო მერკვილიშვილი. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპული მეომრები გაიხსენეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მან, ასევე, საღამოს ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ციალა ნებიერიძეს და ზესტაფონის ადგილობრივ ხელისუფლებას. აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.
