
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავთ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 4 ივლისს-დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურყევ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და ვაფასებთ აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში აშშ-ის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ამერიკელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.


აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა ერთის მხრივ, უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლოა, ამასთანავე მომავალი თაობისთვის კარგი საჩვენებელია თუ რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ქედს ვიხრით, ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს და დავაფასოთ საქართველოს ერთგული შვილების თავგანწირვა.
სამწუხაროდ, წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვუზრუნველყოთ მშვიდობა, რათა ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს. ჩვენი ვალია ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ აფხაზ საზოგადოებასთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით უნდა ავაშენოთ საერთო მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულება იქნება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ახალაშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა. სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.
ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
საღამო მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მწერალი, ენათმეცნიერი, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და წევრი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავა.
ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.


საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პროექტის „ევროპული არდადეგები“ პირველი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სემინარები, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე წელია იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, 500-მდე აფხაზეთიდან დევნილს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.


შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.
ფორუმში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.
ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე ორგანიზაციების გამოფენა, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.


სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ლობჟანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) ხელმძღვანელმა რაფალ მარცინ ვასიკმა მიიღეს მონაწილეობა.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.
აქციის მიზანია სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, ასევე, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.


თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ იმ ადამიანს, ვისი შემოწირულობებითაც შენდება ტაძარი.
დღესვე, ტაძარში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის „ილორიდან ილორამდე“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ინფორმაციული ხასიათისაა და წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობის პროცესს ასახავს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.


რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში” პროგრამის „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თურქეთის გენერალური კონსული, სააგენტო TIKA-ს კოორდინატორის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ხორციელდება.
აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის გამოცხადებულ კონკურსში, 100 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.


რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (RoAid) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა კოკაიამ მოაწერა. აქტის საფუძველზე რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას განახორციელებს.
შეხვედრა რუმინეთის საელჩოში გაიმართა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რეზვან როტუნდუ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს,მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.
პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
