ქეთევან ბაკარაძე – ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს

იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლებული ექიმები სამსახურში აღადგინეს.

ექიმების სამსახურში აღდგენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

როგორც ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის,ვახტანგ ყოლბაიას  დავალების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკითხი.  როგორც აღმოჩნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა, თუმცა გათავისუფლების პროცესი ხარვეზებით წარიმართა. ამდენად, მიზანშეწონილად ჩაითვალა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტოგამოფენა გაიხსნა

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა - „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა კვალის წაშლის გეგმაზომიერი პოლიტიკის გაგრძელებაა.
გამოფენის კურატორები არიან ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი. გამოფენას პარტნიორობას უწევენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენა გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მოწყობის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზეთში ისევ გვერდიგვერდ იცხოვრებენ აფხაზები და ქართველები და ერთად მოუვლიან წინაპრების მიერ გადმოცემულ კულტურულ მემკვიდრეობას.

გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა მანანა ქვაჩახიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ ოკუპანტის ვანდალური ქმედებების გამო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ავთენტურობას და უნიკალურობას თანდათან კარგავენ. გარდა ამისა, ამ ტერიტორიიდან იდევნება უძველესი ქართული ენა. მისი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმეტური ფოტო-მასალა ამძაფრებს აღქმას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კვალის წაშლას საქართველოს ძირძველ მიწაზე და რომლის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია.

გამოფენის კურატორის ზურაბ ჯგუბურიას თქმით, წლეულს აფხაზეთის ოკუპაციიდან 25 წელი სრულდება და ოკუპანტი მხოლოდ ეთნიკური წმენდით არ კმაყოფილდება, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული თვითმყოფადობის დამამტკიცებელი მატერიალური დოკუმენტები - ძეგლები არ არსებობს და ამისთვის მზად არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც ჩაიდინოს - აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული საგანძური/ძეგლები გაანადგუროს და მსოფლიოს ქრისტიანული კულტურის უნიკალური მხარე სამხედრო პოლიგონად აქციოს!!! როგორც მან განაცხადა, ამის უტყუარი დასტურია გამოფენაზე წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რუსულ-აფხაზური საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული 21-ე საუკუნის (2011-2017 წ.წ.) ფოტომასალაც.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით, აფხაზეთში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად მუშაობა, იუნოესკოსთან თანამშრომლობის მცდელობით, ჯერ კიდევ დევნილობის პირველივე წლებიდან დაიწყო პარლამენტში მოქმედ ფრაქცია „აფხაზეთში“. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომავალშიც საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ და ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩაფიქრებული კულტურული გენოციდი.

ფოტოგამოფენის გახსნაზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას ხაზგასმით, სეპარატისტებისა და მათი მფარველების მიზანია დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამართალმემკვიდრენი ქართველები არ არიან, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლის ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ ძეგლების არქიტექტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია და ქართული ეპიგრაფიკა. ამიტომაც მიმდინარეობს იქ ქართული ძეგლების იერსახის შეცვლა და ქართული ეპიგრაფიკის განადგურება. მსოფლიოს ეს უნდა გავაგებინოთ... ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ გამოფენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თავად დარწმუნდნენ, ვისი საკუთრებაა ეს ძეგლები სინამდვილეში და ვინ ანადგურებს მათ.

გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენის დასასრულ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთი თვე გასტანს.

 

 

 

 

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დღეს დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლების ახლანდელი მდგომარეობა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დღეს გაიხსნა და კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

ვ ა კ ა ნ ს ი ა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, მოქმედი საშტატო ნუსხის შესაბამისად, ვაკანტურია მთავარი ბუღალტრის თანამდებობა, რომელსაც მინიჭებული აქვს მე-III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი.  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად, დაინტერესებულმა პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, გთხოვთ, 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადით მიმართოთ ადმინისტრაციულ  განყოფილებას.

საერთაშორისო ტურნირში ძალისმიერ სამჭიდში აფხაზეთის სპორტსმენმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

 

ამ დღეებში ქ. თბილისში ჩატარდა ღია საერთაშორისო ტურნირი  „რკინის ევრაზია“ (IRON EURASIA) ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში. ტურნირში საქართველოს,  უკრაინის,  ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, აშშ-ს, სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი 4 დისციპლინაში - ძალისმიერი სამჭიდი, ძალისმიერი ორჭიდი და წოლჭიმი - გაიმართა.

ტურნირზე  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის და მათ შორის აფხაზეთის სპორტსმენებმა იასპარეზეს. საბოლოოდ აფხაზეთის  სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:  ნიკა ჩახაია - პირველი ადგილი 75კგ წონით კატეგორიაში. მან ასევე მოიპოვა აბსოლუტური პირველობა ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 690კგ  (სამჭიდის ჯამში (280+170+240)); ლევან გალდავა - პირველი ადგილი 125კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 780კგ  (სამჭიდის ჯამში (300+180+300));  აკაკი ჯინჭარაძე - მეორე ადგილი 100 კგ წონით კატეგორიაში წოლჭიმში შედეგით 190კგ; ლევან კოპალიანი - პირველი ადგილი 60კგ წონით კატეგორიაში ამოწევაში, ასევე მეორე ადგილი აბსოლუტურ ჩათვლაში შედეგით 180კგ; ირაკლი ცხოვრებაშვილი - პირველი ადგილი 90კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) წოლჭიმში. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა აბსოლუტურ ჩათვლაში 261 კგ და  ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობას თანადგომისათვის.

 

 

შეხვედრა „Amnesty International“-ის წარმომადგენლებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.

 შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილის დახურვის შედეგად წარმოიშვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და       სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზეა ორიენტირებული.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზებისა და ქართველების სამარხების მოძიება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამიერიდან ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით ოჯახის წევრები შევძლებთ მივიდეთ მათ საფლავებთან და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

ვახტანგ ყოლბაია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რომელშიც ჩართული იყო დევნილი მოსახლეობა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებული  ვითარება. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანასა და ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, ასევე კოლხური ბზის მდგომარეობას. აღინიშნა სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის შესწავლის აუცილებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობის კლების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა.

ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელშიც თანაბრად იქნებიან ჩართული აფხაზი და ქართველი სპეციალისტები.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2018-2021 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რადგან ეს პირდაპირ აისახება დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი მონაწილეობდნენ. არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს ვაჟა დურგლიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს და მათი მნიშვნელობას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან  გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს პარლამენტში სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარ სახლებში ღირსეული და მშვიდობიანი დაბრუნებისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა და მორალური განწყობის ამაღლება.ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან გალის ქართველ მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების  შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ვახტანგ ყოლბაია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილის დახურვის შედეგად წარმოიშვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ნელი ლემონჯავას 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. კონფლიქტამდე ქალბატონი ნელი სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ცხოვრობდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ნელი ლემონჯავას დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

 

ვახტანგ ყოლბაიამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1921 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდები ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. საქართველოს დღესაც  ოკუპაციის პირობებში უწევს ყოფნა, მისი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ გმირების თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს და  მომავალ თაობებს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე,“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში სამშობლოს დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. 


1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. 


აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.