აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შაორის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა.

ბანაკის დახურვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტში აფხაზეთიდან დევნილი, 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში ჩაერთნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათი ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური უნარების განვითარებას.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთი მოსაზრებები, ინიციატივები და გამოცდილება გააზიარეს. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სიტყვით მიმართეს ბანაკის მონაწილეებს და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობასა და განვითარებას.

დასასრულს სხვადასხვა სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში გამარჯვებული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.