აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი-საქართველო“ და თელავის „ბურჯი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი სოხუმის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 90:79 დასრულდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს და ჟურნალისტებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა.

რუსლან აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე და 7-წლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერში დაბრუნება მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს მომავალი წარმატებები უსურვა და ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებულ ცეკვის ანსამბლ „საქართველოს“ ესტუმრნენ. რუსლან აბაშიძემ ანსამბლს შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა და ახალგაზრდებს აფხაზეთის ქალაქების სახელებიანი მაისურები გადასცა.

შეხვედრას ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, სადაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დიასპორების ჩართულობას, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციასა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ამსტერდამში მდებარე საკვირაო სკოლა „სიხარული“ მოინახულეს, სადაც ქართველი ემიგრანტები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას გაესვა ხაზი.  

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლას აფხაზეთის თემატიკის წიგნები, ქართული ლიტერატურა და სპეციფიკური გზამკვლევები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, რუსლან აბაშიძე და გიორგი გაბედავა ამსტერდამის ჯვართამაღლების ქართულ ეკლესიაში საკვირაო წირვას დაესწრნენ.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდებში, ქალაქ ამერსფორტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ. მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ქართველ ემიგრანტებს მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ დიასპორის წარმომადგენლებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სამშვიდობო, კულტურულ თუ სხვა სახის პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობის მხარდაჭერა აღუთქვეს.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი აფხაზის ნამუშევრებისა და პროექტის „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ ფარგლებში წარმოდგენილი მასალის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ქართული დელეგაციისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გუმისთის ბრძოლების 31 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მემორიალთან ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღესვე თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1993 წელს აფხაზეთში გუმისთის ბრძოლების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ ჰააგაში  საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაში კერძო ასოციაცია „სოსიეტეტ დე ვიტე“-ს წარმომადგენელი ფრანსუა კომპანჟენი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დ66“-ის წარმომადგენელი ხელგერ გრონევალდი, სტრატეგიული სწავლების ჰააგის ცენტრის წარმომადგენლები სოფია რომანსკი და ბიონ დე ჰია, დემოკრატიისა და დიალოგის ექსპერტი ემი იგლსტონი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ვილემ მიერტენსი მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ გახსნა.

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ აუდიტორიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროს კაროლინე რამაკერსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ვილემ მიერტენს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისათვის ევროკავშირის წევრობისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთანავე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაკავების თემა განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ქართული დელეგაციისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განსახლებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად, დევნილთა განსახლების ობიექტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.  

შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობით, უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ასევე მოისმინეს განსახლების ადგილებში დევნილთა წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2023 წლის სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ასევე ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც 2023 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.  

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო, როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

რუსლან აბაშიძემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ გაწეული სამიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მე-60 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ  დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი; გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 4-5 აპრილს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნიკოლოზ ქარჩავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს, ვეტერანების მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე, ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ (გიორგი) კაციამ, აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარე როინ მეტრეველმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ფოტოების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.