აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

„კავკასიურ სახლში" საერთაშორისო კონფერენცია - „კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები" ჩატარდა.

კომფერენციაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

კონფერენციის მიზანს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა წარმოადგენდა. მხარეებმა წარსულ გამოცდილებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღმავებაზე ისაუბრეს.

„უკვე ფეხი მოიკიდა საქართველოში კორეულმა ბრენდება. შთამბეჭდავია დინამიკა, თუ როგორ ვითარდება ეს ფირმები. მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო წლებში დააგროვა. კორეა  გიგანტური წარამტებებით მიიწევს წინ და ვფიქრობ მათი გამოცდილების გაზიარება ჩევნთვის ცუდი არ იქნება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კონფერენციას კორეის ფონდის თავმჯდომარე კინ ფოეკი და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. შეხვედრა კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით (CCIIR) ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

ფოთის ახალ რაიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილები სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

ვახტანგ ყოლბაია დევნილებს არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა. ფოთის ახალ რაიონში დევნილი ოჯახები საცხოვრებლად თბილისიდან, წყალტუბოდან და ზუგდიდიდან 2011 წელს ჩაასახლეს.

ფოთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია „სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის" ბაზაზე შექმნილ „ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და ავტორიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქ. ზუგდიდსა და ჯვარში შეხვედრები გამართა. ვახტან ყოლბაია სააფთიაქო სამმართველოს ყოფილ შენობასა და ჯვარში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა, ობიექტებში არსებულ ვითარებას გაეცნო და დევნილთა პრობლემები მოისმინა.

შეხვედრისას, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათ არა აქვთ საშუალება მიწის ნაკვეთები ჰქონდეთ საკუთრებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იძულებულნი არიან კერძო მესაკუთრისგან იჯარით აიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

დევნილებმა შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა ითხოვეს, რათა მოხდეს მათი სოფლის მეურნეობის პროგრამაში ჩართვა და მიწის ნაკვეთების პირად სარგებლობაში გადაცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში იმყოფება და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

სამეგრელოში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაიას არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის სპორტკომპლექსის შენობას სტუმრობდა, სადაც დევნილებმა საკანალიზაციო მილებისა და ფართით დაკანონების პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.

„მინდა დევნილ მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მე ადგილზე გავეცანი მათ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ საქმე წინ დიდად არ წაწეულა. მიუხედავად ამისა, ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ არის აბსოლუტურად მოგვარებადი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი სოციალური პირობები და საერთო მდგომარეობა საგრძნობლად იქნას გაუმჯობესებული. გამოვიყენებთ ყველა რესურს დევნილების დასახმარებლად. ამ ხალხს სჭირდება მეტი ყურადღება და აქტიური კომუნიკაცია" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის კოლხეთის მეურნეობაში ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ღმერთების ენავ ქართულო და საფიცარო მამულო" გაიმართა. ღონისძიება კინოცენტრ „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" ორგანიზებით მოეწყო.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მონაწილეობა  აფხაზეთის №2 და № 3 და თბილისის №104 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა და ეთნიკურად აფხაზმა მოზარდებმა მიიღეს. საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-კლიპი „ქართული ენა - ერის ღვთაებრივი საუნჯე". ფოლკლორული ანსამბლის „შავლეგო"-ს მონაწილეობით კი ქართული სიმღერები  შესრულდა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა, მათ ქართული ენის დაცვა და სიყვარული უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია დაინიშნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 8 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო.

ვახტანგ ყოლბაია 1990-1993 წლებში იყო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, 1993-1995 წწ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გალის რაიონის გამგებელი (დევნილობაში), 1992-2004 წწ - საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1995-2004 წწ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 1996-2003 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი საქართევლოს" თავმჯდომარე.

ვახტანგ ყოლბაია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ქედუხრელნი" გაიმართა.

საღამო საქართველოს სახელოვანი წინაპრების, ღირსეული მამულიშვილების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და გმირული თავგანწირვით დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთისთვის თავდადებული გმირების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა. პარალელურად მოეწყო ფოტო-გამოფენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის ინიციატივით სამედიცინო ცენტრის "ნეოკლინიკის" ბაზაზე აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, ქ. თბილისში ჯ.ბაგრატიონის №4-ში და სასტუმრო „ხიბლში" კომპაქტურად ჩასახლებულმა 100-მდე დევნილმა უფასო სამედიცინო მომსახურეობა თერაპევტთან, პედიატრთან და ექიმ-სპეციალისტებთან (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ასევე ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში "ნეოკლინიკის" წამყვანი სპეციალისტები ატარებდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა რუსთაველმა უმასპინძლა.

25-მდე დევნილი მოზარდი ფილმის „ოზი დიდებული და ძლევამოსილი" კინოჩვენებას დაესწრო. ამჯერად მოზარდები გლდანის კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა მიიწვია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება სამინისტროში წარდგენილი საბუთებისა და სამინისტროში არსებულ სტაჟირების საბჭოს წევრებთან გასაუბრების საფუძველზე.

1. სტაჟირება განხორციელდება სამინისტროს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში:
  ა) პროგრამებისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი - 2 სტაჟიორი;
  ბ) შიდა აუდიტის სამსახური - 2სტაჟიორი;
  გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო - 1 სტაჟიორი;
  დ) განათლების სამმართველო - 1 სტაჟიორი;
  ე) გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - 1 სტაჟიორი;
  ვ) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახური - 2 სტაჟიორი;
  ზ)იურიდიული, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველო - 2 სტაჟიორი;
  თ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო - 3 სტაჟიორი;
  ი) განათლები, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი - 1 სტაჟიორი;
2. სტაჟირების მსურველი იურიდიულ, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
  ა) პირადი განცხადება (მინისტრის სახელზე);
  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  გ) დახასიათება - შუამდგომლობა (თუ კანდიდატი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია);
  დ) ავტობიოგრაფია;
  ე) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
  ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.
3. სამინისტროს კანცელარიაში საბუთების მიღება განხორციელდება 2013 წლის 25 მარტიდან 2013 წლის 2 აპრილის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
4. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შედგება 2013 წლის 4 აპრილს.
5. გასაუბრებაზე მოწვეული იქნება მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
6. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.
7. სტაჟირების მსურველი აუცილებელ დოკუმენტაციას წარადგენს სამინისტროში,
მისამართი: დ.უზნაძის №68, მე-2 სართული ან სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე - info@meca.gov.ge
ტელ: (+995 32) 2 96 39 84

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოზარდს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა ჩატარდა. ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

საღამოს დასასრულს, სიმღერის - „საქართველოს შვილები" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხედველობა დაქვეითებული და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით შესრულდა. სიმღერა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაიწერა.

ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.

საღამო სათამაშოების მაღაზია „პეპელა", „ცეროდენა", სუპერმარკეტი „აკვავიტა", საკანცელარიო მაღაზია „უნიპაპი" და საჩუქრების მაღაზია „wonderful toy"-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

2011 წლის 19 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთშორისო დღედ გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, ჯავახეთის ქ. №68-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულმა 100-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაიარა. დევნილებმა თერაპევტის, პედიატრის, ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი), კონსულტაციები მიიღეს. ასევე, ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარებაც გადასცა. ყველა მათგანმა საჭიროებისამებრ უფასო მედიკამენტები და წნევის საზომი აპარატი მიიღო სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ატარებდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივს მიაგეს მათ ხსოვნას.

მთავრობის წევრებმა ასევე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" საბრძოლო ოპერაციის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენები და დაღუპულ მებრძოლთა გმირობის ისტორიები. ცენტრში მიწვეული სტუმრებისთვის აფხაზეთის ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

20 წლის წინ, 1993 წლის 15-16 მარტს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე ფართომასშტაბიანი იერიში წარმატებით მოიგერიეს და სოხუმი დაცემისგან იხსნეს.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა, არქიტექტურა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 2011-2013 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:

ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია.

ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.

დ) ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების წარდგენა უნდა მოხდეს დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ. ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებების მეშვეობით; არქიტექტურის დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ. Mმეცნიერების დარგში შექმნილი ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ან/და მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

ე) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით).

ვ) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად.


კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია :

1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგინება. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.

3. კანდიდატის ბიოგრაფია (CV ).

4. ლიტერატურული ნაწარმოები 12 ეგზემპლარად, სამეცნიერო ნაშრომი 12 ეგზემპლარად, სიმფონიური ნაწარმოების პარტიტურა 12 ეგზემპლარად, აუდიო, ვიდეო ჩანაწერები.წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

5. კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები :

1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013 წლის 1 ივნისამდე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2013 წლის 23 ნოემბერს.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:
თბილისი, უზნაძის ქ. #68,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
საკონტაქტო პირი: ია მაისაია, ეკა გადილია.
ტელ: 2 95-18-49