აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

  • 2015 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი - მიშა როსტომაშვილის გამოფენა „არტ გალერეაში", აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოიეში;

  • 2015 წლის 13  ივლისი, 13:00 საათი - წიგნის პრეზენტაცია, გამოფენა „მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან" - პარლამენტის  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი;

  • 2015 წლის 13  ივლისი, 20:00 საათი - კოსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის პრემიერა „ქალი";

  • 2015 წლის 18 ივლისი, 12:00 საათი - დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ქუჩისა და მემორიალური კომპოზიციის გახსნა;

  • 2015 წლის 22  ივლისი - „არტ გენი" - ეთნოგრაფიული მუზეუმი;

  • 2015 წლის 25 ივლისი - მცხეთა-მთიანეთის მხარეში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვები;

  • გეგმიური უფასო გასინჯვები - ყოველი თვის ბოლო შაბათს დილის 10 სთ-დან 15-სთ-მდე მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში (ც.დადინის 255, ყოფილი N1 სამშობიარო სახლი) ტარდება დევნილთა უფასო გამოკვლევები;

  • 2015 წლის ივლისი - ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიღება აფხაზეთის მთავრობაში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გულწრფელად ულოცავს ფრიდრიხ ებერტის ფონდს ღირშესანიშნავ თარიღს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ამ ფონდის 20-წლიანი საქმიანობის იუბილესთან. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტივობას, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ხსენებული ინსტიტუტი, ზოგადად, აღმოსავლეთ კავკასიაში, კერძოდ - საქართველოში და ძირითადად მიზანმიმართულია ისეთი საჭირბოროტო საკითხების უზრუნველყოფაზე, როგორიცაა დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდს უკავია ღირსეული ადგილი იმ მრავალპროფილური დახმარების სისტემაში, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. თავისი 20-წლიანი საქმიანობით საქართველოში ფონდმა ქართველ ხალხში სამართლიანად დაიმსახურა დიდი ავტორიტეტი, ვინაიდან ეს ინსტიტუტი რეალურად და პრაქტიკულად მხარს უჭერს ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაფუძნებას და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განათლების შემდგომ განვითარებას.

ჩვენთვის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფონდის მოღვაწეობის ის მიმართულება, რომელიც ეხება კონფლიქტების დარეგულირებას, მითუმეტეს, რომ აფხაზეთის პრობლემატიკის მოუგვარლობა უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად რეგიონალური უსაფრთხოების სისტემას. ვიმედოვნებთ, რომ არსებული რეალიებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ფონდი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის საქმიანობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით, რაც პირდაპირ და უშუალო თანხვედრაშია, როგორც ფონდის იდეალებთან, ასევე, საქართველოს მთავრობის საერთო სამშვიდობო პოლიტიკასთან.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ფრიდრიხ ებერტის ფონდს საქართველოში პროდუქტიული საქმიანობის  20-წლიან იუბილეს  და ვუსურვებთ მას ახალ და ეფექტურ წარმატებებს ჩვენს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ჯამში, უდაოდ, აისახება ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრების კეთილდღეობის ამაღლებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მიმდინარე  წლის 30 ივნისს საქართველოში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაიმართა პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები თემაზე: „გრძელვადიანი გადაწყვეტილებები: საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა არჩევანი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში მიესალმება ამგვარი კვლევების ჩატარებას, ვინაიდან მსგავსი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს იძულებით გადადგილებულ პირთა ნების დაფიქსირება ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი საკმაოდ კომპაქტური და დაბრუნებასთან დაკავშირებით დევნილი საზოგადოების ძირითადი დაკვეთის მაჩვენებელია.

ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილობაში ერთადერთი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურაა, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვან  მიმართულებას იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ხსენებული აქტივობა ხორციელდება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის ქვედანაყოფებთან, მათ შორის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR). ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ როგორც UNHCR, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში არიან ჟენევის მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეები.

ამ კონტექსტში, კარგი იქნებოდა, თუ ზემოხსენებულ მსგავსი სახის პრეზენტაციებზე მიწვეული იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავისი ფუნქციონალური დატვირთვით არიან დევნილი საზოგადოების ნდობის მანდატის მატარებლები და მათი ნების გამომხატველები. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ზემოაღნიშნულ საკითხებში ერთიორად ეფექტურს გახდის დევნილთა ნების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესს. ხოლო ეს თავის მხრივ აუცილებელია იგპ-თა დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრაში მყოფი საბოლოო ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცემათ. მონაწილეები გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ახლობლებმა გააცილეს.

დევნილი მოზარდები საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL''-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს და სრულიად ამერიკელ ხალხს ულოცავს  ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!

ვუსურვებთ რა მათ ქვეყანას მშვიდობას, წარმატებებს და შემდგომ განვითარებას,  მადლიერების გრძნობით ავღნიშნავთ  ამერიკელი ხალხის თანადგომას საქართველოსადმი და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.

დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების  ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საკითხში.

გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.

22 წელი გავიდა აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

30 ივნისს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფონდ „ტაძრელმა", ამერიკული ორგანიზაცია "OSMPH"-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ, წყნეთში ჩასახლებულ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილები ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

დევნილებთან იმყოფებოდნენ ორგანიზაცია "OSMPH'' ის წარმომადგენლები მარკ ჰარტერი, რონალდ სკოტ მაგნუმი, თემურ თუმანიშვილი და სიმონი კოპაძე. სტუმრები ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად გაესაუბრნენ დევნილ მოსახლეობას და მოისმინეს მათი პრობლემები. საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, დონორი ორგანიზაციები აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მომავალში იზრუნებენ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი მიმდინარეობს, საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მონაწილეობს.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობს.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ქართული მხარე ასევე დააყენებს გადაადგილების თავისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებს.

25 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტებისა დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა.

წიგნის ავტორები არიან წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯემალ გახოკიძე და სოფო მიდელაშვილი. ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა პრობლემებმა. კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ზემოთ ხსენებული ცენტრი ჰონკონგის ფენომენმა დააინტერესა, რადგან 1997 წელს ჰონკონგის დედასახელმწიფოში დაბრუნების ფაქტი იყო უნიკალური მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში. ჰონკონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. ამიტომაც, წიგნის ავტორებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა. იგი განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.

წიგნის განხილვისას გაიმართა საინტერესო დისკუსია აფხაზეთის ხელისუფლების წევრებისა და მოწვეულ სტუმართა მონაწილეობით. აღნიშნულ ნაშრომს მიეცა მაღალი შეფასება, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური მასალის საფუძვლიანად გაცნობას, შესაძლებელი პარალელების გავლებას, მსგავსებებისა და განსხვავებების ძიებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

ჯემალ გახოკიძის თქმით: "არ შეიძლება ჩინეთის მიერ განხორციელებული დიპლომატიური სვლების პირდაპირი კოპირება და გადმოტანა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ჰონკონგის პრეცედენტი არის ანგარიშგასაწევი და ყურადსაღები, ის უნდა იქნეს კრიტიკულად გაანალიზებული, სწორედ ეს არის ამ წიგნის მიზანიც".

დასასრულს, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა.

ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოიფინა აღიარებული ქართველი მხატვრების: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ლ. ლონგოს, ა. ციმაკურიძის, ე. ბაღდავაძის, კ. მახარაძის, ვ. შერპილოვის, დ. ხახუტაშვილის, რ. სტურუას (უფროსი), ლ. ბაიხჩევის, თ. ბალანჩივაძის, შ. აბრამიშვილის, ქ. მაღალაშვილის და სხვა მხატვრების 25-მდე ნამუშევარი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაშია შესული.

ამჟამად სურათები თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საცავშია დაცული. გამოფენა ორი კვირა გასტანს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ყველა უწყების თითოეული თანამშრომლის ხელფასიდან ერთი პროცენტი თბილისის მერიის მიერ შექმნილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არსებული სპეციალური სახაზინო ანგარიშზე გადაირიცხა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული დედაქალაქის გაწმენდით სამუშაობში და ორგანიზებულად იყვნენ გადანაწილებული სხვადასხვა ობიექტებზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა სტიქიის დროს მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.

17 ივნისს, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სვხადასხვა უწყებებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ეროვნულ სისხლის ბანკში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. სისხლის ბანკი ცენტრალურ საავადმყოფოებსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას დონორების სისხლით ამარაგებს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აქტიურად არის ჩართული დონაციის პროგრამაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა კობახიძე-ონიანი დაესწრო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულეთა ხსოვნის პატივსაცემად ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად მოწყობილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ჩვენს დედაქალაქს ძლიერი წვიმის შედეგად სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, თანაგრძნობა და თანადგომა გამოვუცხადო მათ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს. ზარალი ძალიან დიდია. წყალდიდობამ და მოვარდნილმა წყალმა მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, მოიშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმეა თბილისის იერსახის ასეთი ცვლილების აუღელვებლად აღქმა. ჩვენი მთავრობა დაეხმარება მერიას, სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს ქალაქის სარეაბილიტაციიო სამუშაოების ჩატარებაში.

ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ასეთი სტიქია ყველას გვაზარალებს, შლის ქალაქის რიტმს, რაც მძიმედ აისახება ყოველი ჩვენგანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. მინდა ჩვენს საზოგადოებას, საჯარო დაწესებულებებს, ბიზნესის, სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, შევთავაზო საზოგადოებრივი ფონდის ჩამოყალიბების იდეა. ფონდის ფარგლებში ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის. ასეთი ღონისძიებებით შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ვახტანგ ყოლბაია,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში დღეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ხურჩასა და რუხში მცხოვრებ 500-მდე დევნილს ჩაუტარდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა.

ღონისძიებას ადგილზე ადევნებდა თვალს და დევნილთა პრობლემებს ეცნობოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე. პროცესს ხელმძღვანელობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტარდებათ.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება.