აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავთან, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძესთან ერთად, სტუდენტებს მოპოვებული სტიპენდიები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„გამოვავლინეთ 15 წარმატებული დევნილი სტუდენტი, რომლებმაც აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიები დაიმსახურეს. მიხარია, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტგალერეაში ასეთი ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტუდენტს, რადგან მათი წარმატება, მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. აფხაზეთის მთავრობა, რა თქმა უნდა სამომავლოდ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ახალი პროგრამების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დაჯილდოების ღონისძიებაზე სტიპენდიატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედება წარედგინათ, მოეწყო ციფრული გამოფენის ჩვენება და პრეზენტაციები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.
გურამ ყურაშვილის, დიმა ჯაიანისა და ალექსანდრე შერვაშიძის სახელობითი სტიპენდიები სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის წელს პირველად დაწესდა. სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით შეირჩნენ. სტიპენდია ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით გაიცემა.
