აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ქალაქ ათენში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ქართველი ემიგრანტები მონაწილეობდნენ.
გიორგი ჯინჭარაძემ, დიასპორის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ესწრებოდნენ.
