2026-08-07 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკს ეწვია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ათენში საერთაშორისო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო და დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარადგინეს შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსი.
ღონისძიებაზე გიორგი ჯინჭარაძემ და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე ესწრებოდნენ.
ათენის საზაფხულო ბანაკში 11-დან 14 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მონაწილეობდნენ. ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ პროგრამაში. მათთვის ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ათენის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებში.
საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
