გიორგი ჯინჭარაძე ყვარელში ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

ოთხი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში. მიმდინარე ნაკადის თემატური მიმართულებები იყო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება, ფილოსოფია და პოლიტიკური იდეოლოგიები.

ახალგაზრდული ბანაკი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებითა და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანს არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების წახალისება წარმოადგენდა.