გიორგი ჯინჭარაძე აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება.
 
„აფხაზეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია აფხაზური ენის შესწავლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რათა აფხაზური ენა სათანადოდ იყოს დაცული, შესწავლილი და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებული. აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა.
 
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები ქეთევან ლომთათიძის მემკვიდრეობასა და აფხაზური ენის შესწავლაში მის განსაკუთრებულ წვლილს გაეცნენ.