გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.

გიორგი ჯინჭარაძემ კორეელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.