აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სასაფლაოზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.
