აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში „აფხაზთა თემის“ მხარდაჭერით, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" გაიმართა. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.
ამავე ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული წიგნის - „გული" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად „ქართულ-აფხაზურ საგას", ფერიის საჯარო სკოლას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრასა" და სხვა მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალისტი ირმა ოსია, „ქართულ-აფხაზური საგის" ხელმძღვანელი ნათელა დუმბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში „აფხაზთა თემის“ დამფუძნებელი ნინო ხალითბა და აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე აფხაზური ენის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.