23-25 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი იმართება.
როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებიან.
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.