აფხაზეთში 1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. უმძიმესი და უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპნენ და დაიჭრნენ ქართველი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.