სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს და მათი მნიშვნელობას.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.