აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში უკვე განხორცილებული და აგრეთვე სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.
თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.