აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა" მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მარნეულის რაიონის აზერბაიჯანული, აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და საქველმოქმედო სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელებმა მიიღეს, ასევე მკვლევარ-ფილოლოგ მარინე კოლხიდაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ლილი გოგებაშვილი ესწრებოდნენ.
იმავე დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის „გზად დედა ენისაკენ" პრეზენტაცია გაიმართა და ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია „ვადიდოთ ენა ქართული" მოეწყო.
ასევე, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ დედა ენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.