ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა:
- უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება;
- შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად;
- მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება;
- დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან;
- გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.
აღნიშნული კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების კუთხით.
კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების დადება ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს.