დღეს ვალერი არქანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდების დიასპორის წარმომადგენლის პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფები"-ს ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკის შეხვდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და შემოქმედებითი კოლექტივი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა და ოსკაროსანმა პროდიუსერმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივისათვის ვორქშოფი ჩაატარა.
სილია ვან დაიკი ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მის კოლექციაში 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. 1985 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ სილია ვან დაიკის პროდიუსერული საქმიანობა უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი" ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა".