აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, კერძოდ სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გამართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქების სხვადასხვა ჩასახლებებში დევნილთა პრობლემები მოისმინეს.
პრობლემები ძირითადად შეეხებოდა სოციალურ სფეროს, ბინების დაკანონებას, ახლად აშენებულ კორპუსებზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილებს შეძლებისდაგვარად დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ერთჯერად დახმარებებს, კორპუსების გამაგრებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აუცილებლად უშუამდგომლებს ყველა დევნილს ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.
მთავრობის წევრებმა დევნილებს გააცნეს განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც აფხაზეთის მთავრობამ წამოიწყო აღნიშნულ რეგიონებში. კერძოდ, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტური და სარეაბილიტაციო პროექტები. მნიშვნელოვნად მიიჩნევა ასევე სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაწყებული დევნილთა დასაქმების პროექტები სასათბურე და კოლექტიური საქმიანოის ხელშეწყობის მიმართულებით, განათლების სამინისტროს პროექტები სტუდენტთა დაფინანსების, მათთვის პრემიების გაცემისა და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულების პროექტები.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია ფოთში აფხაზეთის მთავრობის პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს სამედიცინო აპარატურა, გაეცნენ მის ეფექტიანობას დიაგნოსტიკისა და მკურნალობი სფეროში.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, მიმდინარეობდა დევნილებთან კერძო გასაუბრებებიც. ბათუმში გამართულ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ ევროკავშირის ხელშეწყობით საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ CHCA -ს გახსნას. ცენტრი ბათუმში, ე.წ. „ახალი რაიონის" დასახლებაში ფუნქციონირებს და მისი დევიზია „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე". აღსანიშნავია ასევე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც 200-მდე გრანტს გასცემს.
შეხვედრები შეაფასა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, დევნილები მათდამი სამართლიანად კრიტიკულნი და მომთხოვნი არიან. ყოლბაია დევნილებს დაპირდა, რომ აფხაზეთის მთავრობა თვე-ნახევარში ამ რაიონებს კვლავ ეწვევა და მათთან ერთად შეაჯამებს დანაპირებთა შესრულებას.
„რამდენიმე დღეა, აფხაზეთის მთავრობის წევრები დასავლეთ საქართველოში ვიმყოფებით. შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დავიწყეთ. საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გვქონდა სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში. ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ტაშით გვხვდებოდნენ. იყო სერიოზული კრიტიკა ჩვენ მიმართ, იყო თხოვნები და იყო მოთხოვნებიც. გამოიკვეთა თხოვნები ბევრი უწყების მიმართ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროსადმი, ქალაქების მერიებისადმი, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებისადმი. ასეთი შეხვედრები ეფექტიანი გამოდგა იმ მხრივაც, რომ ყველგან სადაც ვიხილავდით დევნილთა მდგომარეობას და ვსახავდით მათი გამოსწორების გზებს, ყველგან გვახლდნენ ადგილობრივი ორგანოების, ადმინისტრაციული უწყებების წარმომადგენლები, მერების მოადგილეები. ადგილზევე იხილებოდა და წყდებოდა მოთხოვნების შესრულების მექანიზმები, რისი ბერკეტებიც სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას არ გააჩნია. დაპირება დაპირებად რომ არ დარჩეს, თვე ნახევარში ჩვენ კვლავ ჩამოვალთ და მონიტორინგს გაუწევთ იმ დაპირებებს, რომელიც დღეს გაიცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად წარმატებულად აფასებს ჩვენი მოსახლეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობას, მათი ბინებით უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე დიდი გარღვევაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.