აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოხუმის თეატრი მაყურებლის წინაშე გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ წარსდგა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა -  ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, Covid-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, იწყებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამბულატორიული დახმარების პროგრამას - "კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები დასავლეთის რეგიონში".

პროგრამა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ.

მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : contactus@mhsa.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად აფხაზეთში, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ  უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.

დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლის და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის   დევნილი   საზოგადოების  აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების  მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს, გავაერთიანებთ აფხაზეთის საზოგადოებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში  გაიმართა. შეხვედრაში   დისტანციურად ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვედეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, რუსეთი)  16 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და დღემდე იმავე ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე,  მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც  ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება. ისაუბრეს ასევე დევნილი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, აფხაზეთის წარსულსა და დღევანდელობაზე, სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მომავალში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

შეხვედრის ბოლოს  მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ასევე საქართველოც შეუერთდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“  ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“გოგონების გუნდმა ახმეტის "თუშეთთთან" იასპარეზა, რომელსაც 8:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა და თამაშში 14 გუნდი მონაწილეობდა.

მატჩის წინ სოხუმის დინამოელებმა ქუთაისის "მართვე"-ს ქალთა გუნდის და თბილისის "საბურთალო"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძის და გიორგი შაქარაშვილის  ხსოვნას პატივი მიაგეს  და მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.

საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო, რომელმაც სოხუმის “დინამოს“ ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პილიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გაიმართა და მასში ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებმა შეაფასეს რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი მანუელ სარაცინი, აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი ჰეზერ კონლი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი, საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის“ დამფუძნებელი ფლორან პარმანტიე, გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი ლიანა ფიქსი, „ახალი ევროპელების“ დირექტორი, „რუსეთის მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ოლივიე ვედრინი მონაწილეობდნენ.

„2020 წლის 5 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.

ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის განთავსება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია უკიდურესი შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო;

ასევე მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობისადმი, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელებისადმი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

აფხაზეთის მთავრობის სახელით მივესალმები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიგვაჩნია რომ აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დეოკუპაციისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ღირსეული და უპირობო დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

 

როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ დღემდე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით. 

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება ამ ბრძოლაში ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც გახსოვთ, კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 1.2 მლნ-მა მოქალაქემ.  შემდგომ, ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს გახლდათ ჩვენი 600 000 მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, იდენტიფიცირება მოხდა ყველაზე დაზარალებული ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყოს საკმარისი. ამის შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა ოფიციალურად სამსახური და მათი მხარდაჭერა, როგორც გახსოვთ, ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არასოდეს განხორციელებულა და  არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია.

„ჩვენ, თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი და გარდა ამისა, იყო დახმარებების კონკრეტული მიმართულებები - შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით, თვეში 100 ლარის დახმარების ოდენობით. თუმცა, სულ მალე გახდა ასევე ნათელი რომ ესეც საკმარისი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა," - განაცხადა პრემიერმა. 
 
გიორგი გახარიამ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც შედეგი, საქართველოს მთავრობა  მეორე ეტაპს ხურავს იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება.

"სანამ გადავალ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი სოციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ დღესვე და ეს პროგრამა დავასრულოთ, ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ დღეს გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენო მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით, როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა   მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური მხარდაჭერის გასაწევად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ, მე-3  ეტაპზე  ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსიროს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და  200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. გიორგი გახარიას თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროგრამულად, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.

„მე-3 ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ  შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას.

„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება კრიზისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.

„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან ერთად 150 000 სოციალურ ქულამდე ყველა სტუდენტი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს 2250 ლარს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან  აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ კრიზისის ზეგავლენის გამო ახალგაზრდების განათლების პროცესი რაიმე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ ჩვენ  გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რაიმე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ, მათ შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდა და ღირსეული განათლების მიცემა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
 
„გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, როგორც ნათელია და ყველა საერთაშორისო კვლევებით ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისის ორგანიზება დაავალა. მისივე თქმით, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა, რაც   გადის  შერიგებაზე, შრომაზე და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.

„მე მინდა, პირველ რიგში, მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, რომ თეა ახვლედიანი აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამდე კი, მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის, ასევე კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ამიტომ, ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ისაუბრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული.

„მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია.

„გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა განხილული საკითხი - მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და მკაფიო მხარდაჭერა იქნა დაფიქსირებული კიდევ ერთხელ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მე მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში, ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აბასთუმანში აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები მოინახულა, რომლებიც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

შეხვედრას „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომობის და პროგრამაში მათი ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრეს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წელს აშენდა.  შენობა 100 საწოლზეა გათვლილი და სამედიცინო დაწესებულებაში  ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადიან. სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა მონაწილეობას და მათი უფასო ტრანსპორტირების საორგანიზაციო საკითხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

დევნილების პირველი ნაკადი სამკურნალოდ 31 ივლისს გაემგზავრა, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება და მათი ცენტრში ტრანსპორტირება ეტაპობრივად განხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა,  სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე  აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

პროექტის  მიზანია აფხაზეთის საზოგადოების  შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და პოპულარიზაცია, ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენა, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფა, აფხაზეთის  კულტურის , როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და ნდობის აღდგენის მოტივაციის გაზრდა,   კულტურის სფეროში თანამშრომლობა და დიალოგი, რაც დადებით გავლენას ახდენს სამშვიდობო პოლიტიკის პროცესებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  კახეთის რეგიონში,  რუსთავსა და თბილისში მცხოვრები 17-22 წლამდე დევნილი ახალგაზრდებისთვის წინანდალში „ევროპული არდადეგების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიებაში ირაკლი ქადაგიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია,   თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

„ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სემინარების ციკლი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.