აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისიამ 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“ გახდნენ.

კონკურსი გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე ყოველწლიურად ცხადდება და  ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიმართ გამოხატავს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მოახლოებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თამარის დასახლების გამგებელი თემურ ბაკურიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია.

სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები დაურიგდა, დევნილებს ასევე  COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე.

თავის მხრივ ანდრიუს კალინდრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ლიეტუველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჯვარის და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა. აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე, COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორ დანიელ მოვლის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ SDC-ის წარმომადგენელს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა და ტერიტორიაზე COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვის საკითხებს.

დანიელ მოვლიმ თავის მხრივ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში ახორციელებს. შეხვედრაზე ჰუმანიტარული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დისტანციურ შეხვედრას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ წივწივაძე ესწრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
 
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო; განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის.
 
საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.
 
ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სამწუხაროდ აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.
 
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ცხინვალში ინალ ჯაბიევის მკვლელობას, რაც ნათლად ცხადჰყოფს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას.
 
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ თემებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
არსებული გამოწვევების ფონზე გამოითქვა წუხილი, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა. ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევაში მოლაპარაკებების დეკემბერში ჩატარების კრიტიკულ აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს, პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„ტოლერანტობის  საერთაშორისო  დღე,  ერთ-ერთი  გამორჩეული  დღეა  მთელი  კაცობრიობისთვის,  რომელიც  განსაკუთრებით  გვახსენებს  რომ  რასის,    რელიგიური  აღმსარებლობის  თუ   პოლიტიკური  შეხედულებების,  გენდერული  თუ  სხვა სახის განსხვავებულობის  მიუხედავად, ყველას  ზოგადსაკაცობრიო  ჰუმანური  ფასეულობები  გვაერთიანებს  და  ამ  ფასეულობების  იგნორირებით, ადამიანები  ვურთულებთ  ერთმანეთს  არსებობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო  თანამეგობრობის  მცდელობას, რომ  ყოველი  ჩვენთაგანის  განსხვავებულობა  ვაქციოთ  ერთიანი  საზოგადოების  ძლიერ მხარედ  და  არა  გამყოფ  ფაქტორად.  ჩვენი  საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის  გამოცდილება,  გვაძლევს  რწმენას,  რომ   ღირსეულად  გავუმკლავდებით ამ  გამოწვევასაც  და  უზრუნველვყოფთ  უნიკალური  იდენტობის  შენარჩუნებას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ. 

აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.

შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა.

შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საელჩოს პირველი მდივნები სეიმურ ილიასლი და ანარ რასულოვი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარქსის ქუჩა №12“ ჩვენება მოეწყო.

პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე  გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და  სააგენტოს ვებგვერდზე.

სამომავლოდ პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მუდმივ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში შემავალი უწყებების 9 თვის ანგარიში მოისმინა. სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს მათ მიერ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.

ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა (ავტორთა ჯგუფი: პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე, ირმა ოსია, რიტა ამიჭბა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. საქართველოს კანონმდებლობით აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენი ძალისხმევა აფხაზებთან ერთად მათ დასაცავად უნდა იყოს ერთიანი.

ჩვენ აფხაზური ენის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ მიზნით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით  დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი  „აფხაზური ენა  დამწყებთათვის“ და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს. აღნიშნული მასალები აქტიურად გამოიყენება აფხაზეთის საჯარო სკოლებში, იგზავნება ასევე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენის სწავლება პრობლემურია და ქართულ ენასთან ერთად დისკრიმინაციას განიცდის.

აფხაზეთის მთავრობა ასევე მუშაობს პროექტზე, რომელიც  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფხაზური ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით ენის შესწავლა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მიერ აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება  გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, ხორციელდება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

აფხაზური ენის შემსწავლელი  წიგნი ელექტრონული ვერსიით სარგებლობა მსურველს  აფხაზეთის მთავრობის ვებ გვერდზე abkhazia.gov.ge შეუძლია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ამ კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაში  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.