აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებული საჯარო სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დირექტორებმა მოსწავლეების კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინეს.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოსწავლეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში დაეხმარება, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Microsoft Teams-ის, Skype-ისა თუ Zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეძლონ.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მთავრობამ წელს "ალილოს" საშობაო ნობათი ეკლესიას გადასცა.

ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე.

სადღესასწაულო შემოწირულობას ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მოგვიანებით ბენეფიციარებს გადასცემს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!

ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ველით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს.

განსაკუთრებულად ვულოცავ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც პროფესიული თავგანწირვის და ადამიანური შესაძლებლობის რესურსების ზღვარზე გაიარეს. 

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ  იძულებით დაშორიშორებულ  საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს.  

ჩვენი ვალია,  ერთად  ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები, ერთად  დავძლიოთ არსებული გამოწვევები და წინ აღვუდგეთ საყოველთაო გათიშულობის მცდელობას.

ვისურვებდი, რომ  2021 წელი ყოფილიყოს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის, ერთობის, ურთიერთგაგების და თანადგომის წელი.  

კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და აფხაზეთის საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობის, სტაბილურობის და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის!

 

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განათლებისა და კულტურის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ახალი მინისტრები თანამშრომლებს წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ეკა ხოფერია, ხოლო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნენ.

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კოპიტნარის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისის დევნილთა საოჯახო ცენტრ „ბიჭვინთა“-ს ექიმებმა გაუკეთეს. მედიკოსებმა დევნილ მოსახლეობას COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები,  პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

ბათუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, რომელმაც დევნილ ბავშვებს დამდეგი-შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

კომპაქტურ ჩასახლებებში ასევე იმყოფებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით  შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

ფოცხოეწერსა და წყალტუბოში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, რომელმაც დევნილ ბავშვებს პირადად მიულოცა დამდეგი-შობა-ახალი წელი და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა აღსაყდრების 43-ე წელიწადს.
 
ჩვენი პატრიარქის სიბრძნით, მოთმინებით და მიზანმიმართულობით საქართველოს ეკლესიამ შეძლო არა მარტო გაეძლო ნებისმიერი გამოწვევისთვის, არამედ ყოფილიყო ნუგეშინისმცემელი დედა ეკლესიის მილიონობით წევრისათვის და საყოველთაო გაუცხოების პერიოდში უშიშრად ექადაგა სიყვარულისა და ტოლერანტული ფასეულობების შესახებ.
 
სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი აღტაცების და მიბაძვის მაგალითია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
 
მისი უწმინდესობის ტიტულატურაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლიზმია და მჯერა, რომ მისი ლოცვა დიდი შეწევნა იქნება საქართველოს გამთლიანების და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში.
 
თქვენო უწმინდესობავ, მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!!!,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილზე მივიდა, შშმ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტსმენების, სპორტის მუშაკების და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.

სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა მარინა შენგელიამ და ირმა კეკელიძემ, განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა გადასცეს.

სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად მურთაზ ვეკუა, ნუგზარ ბოჯგუა, გერასიმე ესებუა, დავით ზარქუა, ზურაბ შენგელია, დავით თაქთაქიშვილი, ბენო ადამია, ლუკა კაჭარავა, მარიამ შხვაცაბაია და სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი დასახელდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წახალისების მიზნით, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, გრძელდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

მოსახლეობის ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია თბილისის ზღვის და ბაგების სტუდქალაქის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“-ს და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები,  პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა.

ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა გადასცეს.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა და წლევანდელი ლაურეატები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია - ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა - მოთხრობების კრებულისთვის - „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე - ლექსების კრებულისთვის - „გულზე დასაყრელი მიწა“ გახდნენ.

კონკურსი გიორგი შარვაშიძის პრემიაზე ყოველწლიურად ცხადდება და ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში შექმნილ საუკეთესო ნაწარმოების (ნაშრომის) ავტორებს გადაეცემათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გრძელდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

მოსახლეობის ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისისა და წყალტუბოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში ჯვარის, წყალტუბოს და ქუთაისის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები,  პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე  და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

10-11 დეკემბერს  ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.  
 
საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
 
ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და  რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
 
საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.
 
საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
 
თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. 
 
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა.
 
საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა. 
 
ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
 
შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე.
 
საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და  აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
 
ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.
 
ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.
 
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.