აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნორვეგიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მშობლიური ენის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები. ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მწერალ ირაკლი შამათავას წიგნის „ვილაპარაკოთ - 33 ამბავი აფხაზეთზე“ უახლესი გამოცემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართა და „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე, კალიგრაფი ლეილა ბაღბაია, მწერლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს იუნესკომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ დააწესა. 2000 წლის თებერვლიდან აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას დაესწრო.

სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების „ფერწერა აფხაზეთიდან“ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი  ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გამოფენის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლადუსამღვდელოსობას მეუფე შიოს შეხვდა.

შეხვედრას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ასევე განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების მართვის გეგმა, მათი სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს, ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშს დაესწრო.

არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა.

ავჭალაში სოხუმის „დინამო“-ს რიგით მეორე საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

პირველი ცენტრი, სადაც ოცდაათამდე გოგონა უფასოდ ვარჯიშობს, 2020 წლის ბოლოს ზემო ფონიჭალაში გაიხსნა. ავჭალის ახალ საფეხბურთო ცენტრში 6-დან 14 წლამდე ასაკის, ორმოცდაათამდე მოზარდმა, როგორც გოგონებმა, ასევე ვაჟებმა,  უკვე გაიარეს რეგისტრაცია და დღეიდან ვარჯიშს შეუდგებიან. სოხუმის „დინამო“ საფეხბურთო ცენტრების გახსნას თბილისის ყველა რაიონში და ქვეყნის მასშტაბით ათ ქალაქში აპირებს.

ცენტრის გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ. შეხვედრაში ახალგაზრდების ნაწილი უცხოეთიდან დისტანციურად ჩაერთო.

მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე წელს ახალგაზრდების მზარდასაჭერად განხორციელდება. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა იმსჯელეს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციების, ფორუმების და სხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე,  ასევე, კვლევებისა და სხვა საინფორმაციო მასალების ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაზე.

შეხვედრები პერმანენტულად იმართება და მასში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ მიმართულებით.

შეხვედრის მონაწილეებმა UNDP-ის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა და UNDP-ის კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის  და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მიიღო. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ იმ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მიაღწია.

გოჩა ლორთქიფანიძემ და ბექა ძამაშვილმა სტუმრებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააცნეს დეტალურად, რომლითაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი და ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე არაღიარების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესისათვის.

საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სხვა საკითხებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მონაწილეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების საკითხებს.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებიც  შეძლებენ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი დონის განათლება.

შეხვედრაზე ასევე, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
 
დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!
 
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.
 
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
 
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის და კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
 
მადლობას ვუხდი ყველა იმ უწყებას და საჯარო მოხელეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული სასამართლო საქმის წარმოებაში და წარმატებით შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა!