აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

 

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, კულტურის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ხელოვან ქალბატონებთან შეხვედრა  გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ ქალბატონებს აზა ბასლანიძეს, მზია აკობიას, ია მაისაიას, ნაირა მარშანიას, ნათელა ბერიკაშვილს, დალი ლაკერბაიას, თინა ბაბლიძეს, მანანა ბურბუთაშვილს, დოდო ნარმანიას, ნანა ჭურღულიას, ირმა ოსიას (კინწურაშვილი), ლეილა ბაღბაიას და ლიანა მიქაშავიძეს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის შეარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბერულავას მეუღლეს და ოჯახის წევრებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს ალექსანდრე ბერულავა მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა აფხაზეთის მთავრობის წარდგინებით დაჯილდოებულ პირებს: ცისანა შარტავას, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - მედალი - "სამოქალაქო თავდადებისათვის" - განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისათვის უანგარო სამსახურისათვის და სახელმწიფო ჯილდო - მედალი - „მხედრული მამაცობისათვის“ - ელგუჯა ადამიას, სამოქალაქო პირს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის.
 
რუსლან აბაშიძემ, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწიფო ჯილდო „ბრწყინვალების ორდენი“ გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაჯილდოებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა გვაზავას.
 
დაჯილდოებულ პირებს, სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებიც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის დოქტორი გიორგი სოსიაშვილი მონაწილეობდნენ.

„აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“, „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“, „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“ მოხსენებები ისტორიკოსებმა ჯემალ გამახარიამ, ზურაბ პაპასქირმა და ლევან ჯიქიამ წაიკითხეს. კონფერენციაზე მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა დედებს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

„დედის დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ყველა იმ ქალბატონს, რომლის შვილებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. თქვენი შვილების გმირობის, მათი სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის კვლავ გაერთიანებამ შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლებია გულით ატარებთ. იმედი მაქვს, არც ერთი დედა აღარ გამოსცდის იგივეს და სახელმწიფო სამშვიდო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და ღირსეულ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა  სამინისტროს ინიციატივით და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერი ჯოზეფ კოჩანდრლე. 

პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები  სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში  გადაეცემათ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ,,კარფური’’ აქტიურად თანამშომლობს აფხაზეთის მთავრობასთან  და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

საქართველოში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის მიზანს 25-26 მარტს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის სათანადოდ მომზადება და დღის წესრიგის საკითხების განხილვა წარმოადგენს.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც  ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. შეშფოთება გამოითქვა სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც ხშირად ადგილობრივ მაცხოვრებელთა გარდაცვალებით მთავრდებოდა.   
ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის IPRM-ის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში ასევე ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მონაწილეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენები „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“,  „აფხაზეთი დღეს“ და „მუჰაჯირობა“ მოეწყო, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მინისტრმა დავით ფაცაციამ ზუგდიდის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.

სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921 წლის 25 თებერვლისგან განსხვავებით, დღეს  საქართველო  საერთაშორისო  სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში განათლებამიღებული და სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე დევნილი ახალგაზრდები.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა პერმანენტულად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის და სამომავლო პროექტების განსაზღვრას დევნილი ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პარლამენტმა კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა და მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.