აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც იაპონია საქართველოს მიმართ გამოხატავს.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას იაპონიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების მდივანი თეონა მაჭარაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.

აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებს ლაზერული მკურნალობა თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი ესწრებოდნენ.

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძების ფარგლებში უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური ფოტოების და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაზე ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. ჯილდოები გადაეცათ, ასევე, ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული“ გამარჯვებულ 1+4 პროგრამის სტუდენტებს.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თბილისის  ილორის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაძარში  საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად  დაღუპულთა  სულების  მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ წირვა-ლოცვა აღავლინა და დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

პრეზიდენტის მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„9 აპრილი უმძიმესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ამავდროულად, ეს დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. შეუფასებელია იმ გმირების ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს.

ამ იდეალებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. დღეს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  30 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევის წინაშეა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ საერთო ეროვნული იდეისთვის კონსოლიდაციას და  მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

32  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
 
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.
 
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოკუპაცია, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აისახება. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

წლების მანძილზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, დახმარებას გაუწევს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა, ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტზე.“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სართიჭალაში, ყოფილი სამხედრო ქალაქის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხარების დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.

ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია ,,გაგრა+“-სა და ,,ბარამბო"-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის „საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, გენერალმა დავით გულუამ და წიგნის მთავარმა რედაქტორმა ირმა ირემაძემ.

ექვსასგვერდიანი წიგნი-კრებული 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული იმ 1 200 გმირის ცალკეულ ისტორიებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსში, აფხაზეთის გარნიზონებსა და მათში შემავალ შენაერთებში ირიცხებოდნენ. წიგნი-კრებული ერთგვარი ენციკლოპედიური ცნობარია სამშობლოს ერთიანობას, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უანგაროდ შეწირული ეროვნული გმირების და რიგითი ჯარისკაცების შესახებ.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აფხაზეთის ხელისუფლების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ეწსრებოდნენ.

ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მონაწილეობდა. პრეზენტაციის ბოლოს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. უკვე მომზადებულია რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ და ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, 24-საათიან რეჟიმში, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სათანამშრომლოდ.

ბროწეულის ქუჩაზე, ასევე, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდში მდებარე ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 და აფხაზეთის №12 საჯარო სკოლები მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და განახლებული სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებს.

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდი სარაჯიშვილის მხარდაჭერით აფხაზეთის აღნიშნულ საჯარო სკოლებს კომპიუტერები გადაეცათ.  

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ღონისძიების ფარგლებში 2021 წლის კალენდრის გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო. კალენდარში შესულია ქართულ-აფხაზურ თემაზე შექმნილი პოეზია, სადაც ასახულია ქართველებისა და აფხაზების უნიკალური ურთიერთობები. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

ღონისძიებაში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.

15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, არტილერისტები და ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და  სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და თავმჯდომარის მრჩეველი გია მხეიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს  ვეტერანთა საკითხებზე, აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.  

შეხვედრაზე დაიგეგმა ვეტერანებთან მიმართებაში ერთობლივი პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს  მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.