აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ მორიგ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთოებების აღდგენას ეხებოდა.

კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

სამეცნიერო კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიზნად ისახავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის თემის აქტუალიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებაში ნდობის აღდგენის და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“ ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“გოგონების გუნდმა ხაშურის "ივერიასთან" იასპარეზა, რომელსაც 8:2 მოუგო და გამარჯვება მოიპოვა.

ქალთა გუნდებს შორის 2021 წლის სეზონის მატჩი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

ეკლესიის ეზოში აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლი გაიხსნა, სადაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა - „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“, ქართულ-აფხაზური უნიკალური ურთიერთობები, უძველეს ხელნაწერებში დაცული ცნობები აფხაზეთზე და იქ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მდგომარეობა დღეს. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერის - ფოტორეპროდუქცია ჯორჯ ბაირონის პოეზია გადაწერილი ილორში, მოეწყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას გამოფენა - მასტერკლასი. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“, ბავშვთა ანსამბლ „გუმბათის“ და ანსამბლ „მუხამბაზის“ მონაწილეობით, მოეწყო აფხაზური სამზარეულოს დეგუსტაცია.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის მხარდაჭერით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებს მონაწილეობას.

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა, „დისნეის“ ანიმაციური ფილმებისა და „მარველის“ გმირებმა. Ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და 20-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია,  რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დააჯილდოვა. შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის შემდეგ, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოეწყო, ასევე, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ცნობილი მხატვრის ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა.

ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და კაჭრეთის ამბასადორის საცხენოსნო კლუბის მხარდაჭერით ჩატარდა.

„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით მზიურის პარკში დღეს „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.

„აფხაზეთობის“ გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. ჩატარდა სახალისო კონკურსები და ვიქტორინები, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა.

ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაუტანა.

სამედიცინო აღჭურვილობა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, ზუგდიდის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიებს გადაეცა.

პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან ერთად, ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აფხაზეთიდან დევნილებმა სტუმრებს ჩასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იაპონიის საელჩოს პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი. პროექტში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილებიც ჩაერთვებიან.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სამეცნიერო ფორუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ და მოხსენება გააკეთეს კონფლიქტის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

სამეცნიერო ფორუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აფხაზთა და ქართველთა შორის მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად პალმის ხე დარგეს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ყველა ვეტერანს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე უდიდესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ მოწიწებით უნდა მოვიხაროთ ქედი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.

სიმბოლურია, რომ დღეს ევროკავშირის დაარსების დღეც აღინიშნება. ფაშიზმის დამარცხებამ ევროპას საშუალება მისცა ფაშისტური იდეოლოგიის ნაცვლად ჰუმანური და დემოკრატიული ღირებულებებით ეცხოვრა და ეს ფასეულობები მსოფლიოს დიდ ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც, გაევრცელებინა.

კიდევ ერთხელ, განსაკუთებული პატივისცემით მინდა მივესალმო ჩვენს ვეტერანებს, მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა,  გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.

ომის ვეტერანთან, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.