აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების პრობლემასა და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდა.

სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საპარლამენტო კომისიის წევრები და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ დაფინანსდა. ხელშეკრულებას თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დირექტორმა მოაწერა ხელი.

პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყობა, რომელიც სკოლის 235 მოსწავლისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტმა „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მცირე პროექტების დაფინანსებას ისახავდა მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს შეხვდა.

ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ესტონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უახლოეს მომავალში დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა. შეხვედრები პერმანეტულად იმართება და მასში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და  გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და  ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.  

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტიარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით. 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას. 

საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა.  

მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე. 

აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას.

ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და  გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექსტრს და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების და დევნილებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარებების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლავ რჩება უწყებების საქმიანობაში.

სხდომის მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „მეტი ჩართულობის“ სახელით ელიკო ბენდელიანმა ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.

პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.

პროექტის პირველი სემინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ესწრებოდა.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას:

„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.

ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში.

ასევე მინდა გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა.

პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს. შეხვედრაზე ასევე არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მთავრობის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს შეეხება: „წლებია, რუსული ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების მეშვეობით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის არსებული მდგომარეობის დაფიქსირება და, რაც მთავარია, მათი დაცვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს! ძეგლების ისტორია არის ძალიან დიდი! ისინი ასახავენ ქართულ-აფხაზურ საერთო ისტორიას, რომელმაც, შესაძლოა, ქართული და აფხაზური საზოგადოების კვლავ გაერთიანება შეძლოს! ამიტომ, ჩვენი მხრიდან, აუცილებელია საერთაშორისო მისიებთან ძალისხმევის გაორმაგება, რომ მათი აქტიური ჩართულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები განადგურებისგან დავიცვათ!

საქართველოს სხვადასხვა არქივში დაცულია თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ანაზომები და ნახაზები. ამავდროულად, ჩვენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვამზადებთ ვებ- პორტალს, სადაც 200- მდე ძეგლი იქნება დეტალურად აღნიშნული.“

კონფერენციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, UNESCO-ს წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, პარტნიორი ორგანიზაციები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.

წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გამოიცა.

პრეზენტაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

რუსლან აბაშიძემ რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო კალათები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც აფხაზეთის სულიერების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სივრცე მოეწყობა.