აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ახლად რეაბილიტირებულ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ოფიციალურად განახლდა.

მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობის კეთილმოწყობილ გარემოში და განახლებულ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

სკოლაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 120 ბავშვი იღებს განათლებას. შენობას სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩაუტარდა.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სკოლას საჩუქრად აფხაზეთის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან- ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მომდევნო, 55-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები და რუსეთის უკანონო ქმედებები, რომლებიც იწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებას.

ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელების თვალსაზრისით მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებულ ე.წ. შეთანხმებებზე, რომელთა მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სხვადასხვა სისტემაში ინტეგრაცია.

განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები, ასევე საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მიზნით, განხორციელებული სამუშაოები, რაც ქმნის ვითარების ესკალაციის რისკს და ამავდროულად წარმოშობს მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს და დასვა საკითხი ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთსა და გალში IPRM-ების შეხვედრების შეუფერხებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას.

მწვავედ დაისვა ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხები. ასევე, აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე ახალგორის რაიონში.

საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს.

შეხვედრაზე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობა და პროგრესის მიღწევის საჭიროება დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მხარეებმა იმსჯელეს ამ მიზნით მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისთვის შესაძლო გზების გამონახვაზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეების დაჯილდოებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, რომლებმაც ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს,  სერტიფიკატები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას  სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდა.  მონაწილეებს  საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ნინო გოგოხიამ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა. პროგრამის დასასრულს ახალგაზრდებმა კურსის ფარგლებში  მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ რუმინელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსლან აბაშიძემ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის  შესაძლებლობები განიხილეს. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დევნილი საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა ინიციატივების მხარდასაჭერად.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გახსნას დაესწრო. პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის (47 ბენეფიციარი) სოციალური სივრცე შეიქმნა. პროექტი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების  მიღებისა და   მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი  ბავშვებისა და მოზარდების  გამოვლენა და მათი  შემდგომი  წინსვლის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკას დაფუძნების დღიდან, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს და მის დაქვემდებარებაშია.

არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი აფხაზეთის მთავრობაში არც განხილულა. პოლიკლინიკა ჩვეულ რეჟიმში, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პაციენტების მიღებას.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „People In Need“ (PIN) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ დიონ ბატერსბის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ფერმერების გაძლიერების ხელშეწყობას.

შეხვედრაში აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და „USAID GEORGIA“- ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოპმანთან ერთად, სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.

ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს. ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.

ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საწარმოს შექმნასა და ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით, ასევე, დაეხმარებიან პროექტების შედგენასა და დონორების მოძიებაში, დამსაქმებლის მაძიებლებს კი - საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.

პროექტი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ’’პროგრამებისა და სერვისების სააგენტოსა“ და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი. სხდომის ფარგლებში განხილულ და დამტკიცებულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა. ამასთან, მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვებინარში „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვისა და დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიების საკითხებს.

ვებინარი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა და მასში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე მონაწილეობდნენ.

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაციას დაესწრო.

პუბლიკაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან განიხილავს ევროკავშირსა და მის ევროპულ სამეზობლოს შორის ურთიერთობებს, ადარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესებს, იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართვის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, აფხაზეთის დამსახურებული არტისტისა და პოეტის ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. ღონისძიებაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ჯანო ჯანელიძე 1992-2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოზიციას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „USAID ZRDA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 240 მ2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ბენეფიციარები „USAID“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.